აგვისტოსა და სექტემბერში რუსეთს ბენზინის დეფიციტი ემუქრება, – ამის შესახებ „როიტერი“ საწვავის ბაზრის მონაწილეებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, რუსეთის მიერ ბენზინის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, რუსეთში საწვავზე ფასები იზრდება.
„აგვისტო-სექტემბერი ძალიან რთული პერიოდი იქნება. შეიძლება, სადღაც გაჩნდეს ლოკალური დეფიციტი. ჩვენ ვნახავთ 2023 ან 2021 წლების კრიზისის მსგავს სიტუაციას“, – განუცხადა „როიტერს“ ერთ-ერთმა წყარომ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთში საწვავზე სეზონური მოთხოვნა კვლავ მაღალია, ბენზინის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა არ იქნება საკმარისი აგვისტოში შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
„როიტერის“ მიხედვით, ბენზინის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად საჭირო იქნება რუსული მარეგულირებლების დამატებითი ძალისხმევა, რათა შენელდეს ფასების მატების ტემპი და არ იყოს დაშვებული ბენზინგასამართი სადგურების საწვავით მომარაგებაში შეფერხება.
სტატიაში ნათქვამია, რომ ბენზინის საბითუმო ფასების ზრდის შესაკავებლად რუსეთის მთავრობამ, შესაძლოა, კიდევ ერთხელ გაზარდოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ბირჟებზე გაყიდვების სავალდებულო ნორმატივი და დააკორექტიროს დრონების თავდასხმების შედეგად დაზიანებული ქარხნების შეკეთების გრაფიკი.
ასევე, „როიტერის“ წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ბენზინის დეფიციტის დასაძლევად რუსეთის მთავრობამ დასახმარებლად ბელარუსს მიმართოს.
როგორც სააგენტო წერს, ბენზინის დანაკლისის მთავარი მიზეზია, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებს საწვავის მარაგი არ აქვთ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ კერძო კომპანიებს ზამთარსა და გაზაფხულზე, როდესაც საწვავის ღირებულება შედარებით დაბალია, ბენზინი შესყიდული არ აქვთ, რადგანაც წელს რუსეთში კრედიტები გაძვირდა. კიდევ ერთი მიზეზი უკავშირდება აეროპორტების ხშირ დახურვასა და რეისების გადადებას.
რუსეთში საწვავის წარმოების მოცულობა უცნობია, რადგანაც 2024 წელს ნავთობის ქარხნებზე დრონების თავდასხმების გამო რუსეთის ხელისუფლებამ ეს მონაცემები გაასაიდუმლოვა. „როიტერის“ ცნობით, გასულ წელს რუსეთის ფედერაციაში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი ბოლო 12 წლის მინიმუმზე იყო და 269,9 მილიონი ტონა შეადგინა.
ცნობისთვის, რუსეთის ხელისუფლებამ 31 აგვისტომდე ბენზინის ექსპორტი სრულად აკრძალა.
1tv.ge
