როსტომ ჩხეიძე: რაც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, ესაა ყველაზე დიდი სახალხო აღნიშვნა იმ ჰეროიკული თავგანწირვისა!

“საპარლამენტო გამოსვლებისას ვითხოვდი იმასაც:
ხელისუფლებას შესაფერისად აღენიშნა 1924 წლის აჯანყების ასი წლისთავი, როგორც ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენისა, რომელსაც უნდა განესაზღვრა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
რუსული ორიენტაციის მმართველი პარტია გაერიდებოდა ამ ანტირუსული ამბოხების აღნიშვნას.
სამაგიეროდ ნოემბერ-დეკემბრის დღეებში გაიმეორებდა იმჟამინდელი ბოლშევიკური ხელისუფლების რეპრესიებს, რასაც დაატეხდა თავს მშვიდობიან მანიფესტანტებსა და მომიტინგეებს.
რაოდენ შემზარავიც უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, დარბევაც და სასამართლოსა და მმართველი გუნდის ყოვლად ცინიკური, აბუჩად ამგდები დამოკიდებულებაც წამებულთა მიმართ, მთავარია, რომ ის მუხტია ამოძრავებული, რაც შთააგონებდათ 1924 წლის წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეებს და რაც განმეორდებოდა 80-90-იანი წლების მიჯნაზე და კიდეც ამოზიდავდა ჩვენს სახელმწიფოებრიობას წყვდიადიდან.
ეს სახელმწიფოა გადასარჩენი.
წინ თურმე უმძიმესი დღეები გველოდა, მე რომ მეამიტურად ვითხოვდი 1924 წლის აჯანყების ღირსეულ აღნიშვნას.
მაგრამ რაც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, ესაა ყველაზე დიდი სახალხო აღნიშვნა იმ ჰეროიკული თავგანწირვისა!
არა, ცუდად არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება!..” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი როსტომ ჩხეიძე.