რომელი სექტორები ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში?

მე-3 კვარტალში ბიზნესს სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 4%-ით 788.4 ათასამდე გაიზარდა.
ვაჭრობის სექტორში 225 428 ადამიანია დასაქმებული; დამმუშავებელ მრეწველობაში 91 296; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობებში 74 245; მშენებლობის დარგში 68 021; ტრანსპორტი და დასაწყობებაში 64 150; ინფორმაცია და კომუნიკაციაში 49 470; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებში კი 43 298.
დასაქმებულთა ჯამური რაოდენობის 43% მსხვილ ბიზნესზე მოდის; 20% საშუალოზე; ხოლო 37% მცირე – ბიზნესზე.
საქსტატის მეთოდოლოგიით, მსხვილი ზომის საწარმოა ის, სადაც დასაქმებულთა საშუალო წლიურ რაოდენობა 249-ს აღემატება და ბრუნვის მოცულობა 60 მლნ ლარზე მეტია.
საშუალო ზომის საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 50‐დან 250-მდეა, ხოლო წლიური ბრუნვის მოცულობა – 12 მლნ ლარიდან 60 მლნ ლარამდე.
მცირე ზომის საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ‐სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 50-ს და წლიური ბრუნვის მოცულობა 12 მლნ ლარზე ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდში მსხვილი ბიზნესის ბრუნვა 39 მილიარდი ლარი იყო; საშუალო ბიზნესის 9 მილიარდი, ხოლო მცირე ბიზნესის თითქმის 11 მილიარდი ლარი.
ბიზნესს სექტორის ბრუნვის მოცულობით ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) სექტორი ლიდერობს 34%-ით, რომლის ბრუნვა წელს თითქმის 20 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება (კაზინოები) 33.6%-ით, რომლის ბრუნვაც 19 მილიარდ დოლარს აღემატება. მესამე ადგილს დამმუშავებელი მრეწველობა იკავებს 8.2%-იანი წილით და თითქმის 5 მილიარდი ლარი ბრუნვით. მეოთხე ადგილზეა 7%-იანი წილით მშენებლობა, რომლის ბრუნვა მე-3 კვარტალში 4 მილიარდი ლარი იყო. მეხუთე ადგილს ტრანსპორტი და დასაწყობება იკავებს 4.8%-იანი წილით, ხოლო ბრუნვის მოცულობა თითქმის 3 მილიარდს ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ხელფასებს, 2024 წლის III კვარტალში, ბიზნესს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 190 ლარამდე გაიზარდა. საშუალო ხელფასი წლიურად 183 ლარით არის გაზრდილი. ტრადიციულად ქალებს კაცებთან შედარებით დაბალი ანაზღაურება აქვთ.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი ასეთია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 234 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 565 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 886 ლარი.