1 მარტს თბილისში “მანთაშიანც” ბიზბნესკლუბის ორგანიზებით ქართულ-სომხური ბიზნეს ფორუმი ჩატარდა. B2B ღონისძიებას ორივე ქვეყნიდან 40-ზე მეტი სფეროს, მათ შორის უძრავი ქონების, ტურიზმისა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ბიზნესმენებმა BMG-სთან ქართულ-სომხური ეკონომიკური ურთიერთობები შეაფასეს.
როგორც ბიზნესმენები აღნიშნავენ, საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური დინამიკა სტაბილურად მზარდია, ქვეყნებს შორის პარტნიორობა კი როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებითაა საინტერესო.
“საკმაოდ საინტერესო პროცესია, როდესაც ჩვენ, როგორც სომეხი ბიზნესმენების კლუბი ვაორგანიზებთ მსგავს ღონისძიებებს, რადგან საშუალება გვეძლევა, ურთიერთობა დავამყაროთ ბიზნესმენებთან. საქართველო-სომხეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის საკმაოდ საინტერესო დინამიკაა, საკმაოდ ბევრი სომეხი ბიზნესმენია ჩამოსული საქართველოში და ინვესტირებული აქვთ კაპიტალი საკმაოდ საინტერესო ბიზნესებში. ასევე, ქართველი ბიზნესმენების ინტერესიც არის სომეხ ბიზნესმენებთან ურთიერთობა. საკმაოდ კარგი დინამიკაა და ყველაფერს ვაკეთებთ რომ უფრო მეტად დავამყაროთ ეს ურთიერთობები”, – ამბობს სერგო საფარიანი, “მანთანშიანც” ბიზნესკლუბის წარმომადგენელი თბილისში.
საქართველო-სომხეთის ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე, რომან ბადალიანი აღნიშნავს, სომხური მხარე საქართველოში წარმოებითაა დაინტერესებული, რათა იმ შეღავათებით ისარგებლოს, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აქვს.
“საკმაოდ მჭიდრო კავშირებია საქართველო-სომხეთის ბიზნესებს შორის… აქტიურად გადის აქაური ნაწარმი სომხეთში ექსპორტზე და ანალოგიურად, იქაური პროდუქტი შემოდის საქართველოში. ტვირთბრუნვა საკმაოდ დიდია, ნებისმიერ დროს, საზღვარზე ვხვდებით დიდი ოდენობით სატვირთო მანქანებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ორ ქვეყანას შორის სერიოზული ბიზნესურთიერთობაა.
