ევროკავშირის მიერ ცენტრალური აზიისადმი გააქტიურების ერთ – ერთი ძირითადი მიზანი, რეგიონის ქვეყნებთან სატრანსპორტო კავშირებადობის ინტენსიური განვითარება წარმოადგენს.
ევროკავშირი ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებით, შუა დერეფნის განვითარებაზე დებს ფსონს.
ბუნებრივია ისმის კითხვა, შესაძლებელია კი, ევროკავშირმა საქართველოს, როგორც რეგიონის ძირითადი მოთამაშის გარეშე შუა დერეფანთან განავითაროს ეფექტიანი სატრანსპორტო კავშირებადობა?
ხომ არ უბიძგებს ევროკავშირი საქართველოს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებზე ფინანსური ბერკეტის გამოყენების მაგალითზე, რუსეთისგან დიამეტრალურად შემოტრიალების აუცილებლობაზე?
ხომ არ წარმოადგენდა სამარყანდში ეხლახანს გამართული სამიტი, ირიბად საქართველოსთვის კურსის შეცვლის საპირწონედ ინვესტიციების შემოდინების პერსპექტაზე ფოკუსირების შესაძლებლობას?
ეს და კიდევ მრავალი საკითხი სამარყანდში გამართულ სამიტზე პასუხგაუცემელი დარჩა.
გთავაზობთ, რეგიონისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი სამიტის შესახებ ჩვენი ორგანიზაციის ანალიტიკას.
ევროკავშირმა Global Gateway პროგრამის ფარგლებში ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის 12 მილიარდი ევროს საინვესტიციო პაკეტი დაანონსა.
ამის შესახებ, მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში სამარყანდში გამართულ სამიტზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
Global Gateway ახალი ევროპული პროგრამაა – რომლის მიზანი მაღალტექნოლოგიური, მწვანე და უსაფრთხო გლობალური კავშირების განვითარებაა ისეთ სფეროებში – როგორიცაა დიგიტალიზაცია, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება და კვლევები.
Global Gateway ინიციატივა – გრძელვადიანი გლობალური ეკონომიკური კავშირების აღდგენის უზრუნველსაყოფად მიზნად ისახავს 2027 წლამდე 300 მილიარდი ევროს ინვესტიციის მობილიზებას.
ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლაში, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფოსთვის განკუთვნილი საინვესტიციო პაკეტი მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების კატალიზატორი იქნება.
გამოყოფილი 12 მილიარდი ევრო ოთხი ძირითადი სფეროს განვითარებაზე იქნება მიმართული – ტრანსპორტი (3 მილიარდი ევრო), კრიტიკულად აუცილებელი მინერალები (2.5 მილიარდი ევრო), წყლის რესურსები, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება (6.4 მილიარდი ევრო) და ციფრული კომუნიკაციები (100 მილიონი ევრო).
გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) პარალელურად, რეგიონისთვის ავითარებს 7 – 8 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების დამატებით პაკეტს, რომლის განხორციელება ეტაპობრივად 2027 წლამდე იგეგმება.
აღნიშნული ინვესტიციები მოიცავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს, როგორიცაა კრიტიკული მინერალების მოპოვება და განახლებადი ენერგიის განვითარება.
სატრანსპორტო სფეროში Global Gateway ის ინიციატივა, პირველ რიგში, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოებას და რეგიონის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან კავირებადობას და ამ პროექტებში ინვესტიციების განთავსებას ეფუძვნება, რომელიც ტრანსპორტის ყველა დარგებისათვის მწვანე, მაღალტექნოლოგიურ, მდგრადი, ინკლუზიური და უსაფრთხო ქსელების შექმნისკენ იქნება მიმართული.
ევროკომისიის პრეზიდენტის მოსაზრებით, ზოგიერთი მოთამაშე დაინტერესებულია მხოლოდ კრიტიკული ნედლეულის ექსპლუატაციითა და მოპოვებით. თუმცა, მისი თქმით, ევროპა ცენტრალური აზიის ქვეყნებს სთავაზობს განსხვავებულ მიდგომას, კერძოდ ევროკავშირი შეეცდება მათი ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებაში გახდეს სრულფასოვანი პარტნიორი.
ევროკომისიის ხელმძღვანელის განაცხადებით, ცენტრალური აზიის ქვეყნები ფლობენ რა, მანგანუმის მსოფლიო მარაგის 40 % ს, ასევე ლითიუმის და გრაფიტის მნიშვნელოვან მოცულობებს, შესაძლებლად თვლიან, აღნიშნული რესურსები პერსპექტივაში მომავალი გლობალური ეკონომიკის შესაქმნელად იქნეს გამოყენებული.
ევროკავშირსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შეუძლიათ ერთობლივად განავითარონ ადგილობრივი მრეწველობის სრული ციკლი, ნედლეულის მოპოვებიდან და გადამუშავებიდან ახალი კვლევითი ლაბორატორიების გახსნამდე და ადგილობრივი პერსონალის მომზადებამდე.
ევროკავშირის მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნების ინფრასტრუქტურაში – 12 მილიარდი ევროს საინვესტიო პაკეტის დაანონსებას, მსოფლიო პრესაში, ბუნებრივია საპირისპირო გამოხმაურება მოჰყვა.
შეუძლია თუ არა ევროკავშირის Global Gateway-ს პროექტს კონკურენცია გაუწიოს ჩინეთის ინიციატივას?
ანდაც, ცენტრალური აზიის მიმართ ევროკავშირის გაზრდილი ინტერესი, ხომ არ არის უშუალოდ ევროკავშირის საჭიროებით განპირობებული, რათა დაეუფლოს ახალ ენერგეტიკულ მარაგებს და მიიღოს კრიტიკულ მინერალებზე წვდომა, ამით „დაეხმაროს“ ცენტრალური აზიის რეგიონს რუსეთზე ისტორიული დამოკიდებულების შემცირებაში.
მიუხედავათ, ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებისა, ევროკავშირი, Global Gateway ის ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებით, სტრატეგიის ძირითადი რგოლის – შუა დერეფნის განვითარებაზე დებს ფსონს.
ევროკავშირის მიერ ცენტრალური აზიისადმი მიდგომის გააქტიურების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, რეგიონის ქვეყნებთან სატრანსპორტო კავშირებადობის ინტენსიური განვითარება წარმოადგენს, რადგანაც მანამდე რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა შენელებული ტემპებით მიმდინარეობდა, ამ პროექტების დროში დაჩქარება, ექსპერტთა ვარაუდით მხოლოდ Global Gateway ის ფინანსური ინსტრუმნეტებითაა შესაძლებელი.
აღნიშნულ კონტექსტში წარმოუდგენელია ამირეკავკასიის სამი სახელმწიფოს გარეშე სატრანსპორტო კავშირებადობის განვითარება.
ევროკავშირი ვარაუდობს, დროში გაწელილი არასაკმარისი ინვესტიციების გამო, ახლო მომავალში შუა დერეფანს წარმოექმნება ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის შეზღუდვები, რაც მას ხელს შეუშლის, ტრადიციული ჩრდილოეთ მარშრუტის სრულფასოვან ალტერნატივად ჩამოყალიბების საქმეში.
Global Gateway პროგრამის გამოყენებით, ევროკავშირის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა ბრიუსელს შესაძლებლობას აძლევს მოიპოვოს უფრო მეტი აღიარება ცენტრალურ აზიაში და რეგიონისთვის გახდეს თვალსაჩინო მოთამაშე.
დასკვნის სახით – ევროკავშირი ახალი ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებით შუა დერეფნის განვითარებაზე დებს ფსონს. ამ კონტექსტში, გაურკვეველია საქართველოს როლი და ადგილი ევროკავშირის მიერ დაანონსებულ საინვესტიციო პროექტებში.
წყარო: transcor.ge
