რა წერია ევროკავშირის საბჭოს გაფართოების შესახებ დასკვნაში საქართველოზე

ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ დასკვნას აქვეყნებს. საქართველოზე საუბრის დაწყებისთანავე საბჭო აღნიშნავს, რომ “კიდევ ერთხელ ადასტურებს კავშირის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე”.
დასკვნაში გამეორებულია ევროკავშირის “სერიოზული შეშფოთება” საქართველოს მთავრობის ქმედებების მიმართ, მათ შორის საუბარია რუსული კანონისა და “სხვა კანონმდებლობების” მიღებაზე, რომელიც წინააღმდეგობაშია EU-ის პრინციპებთან და ღირებულებებთან. საბჭო “მწუხარებას გამოთქვამს” მთავრობის მიერ ბოლოს მიღებული გადაწყვეტილების გამოც, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს.
ევროკავშირის საბჭო “მკაცრად გმობს” ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ.
“საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ”, – ნათქვამია დასკვნაში.
საბჭო მოუწოდებს ქართული ოცნების წარმომადგენლებს, “სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას და გაატარონ დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროინტეგრაციის ძირითად პრინციპებთან”.
“საბჭო ღრმად შეშფოთებულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში უკანდახევის გამო. საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის, ისევე როგორც ლგბტი პირების უფლებების”, – ნათქვამია დასკვნაში.
საბჭო აღნიშნავს, რომ უნდა შეწყდეს დაშინება, ძალადობა და დისკრიმინაცია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, და ჟურნალისტების მიმართ და მიუთითებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის გადამწყვეტი კომპონენტია.
დასკვნაში საუბარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც და “სერიოზული შეშფოთებაა” აღნიშნული ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნებზე, რომელიც მიუთითებს, რომ ხასიათდებოდა ხარვეზებით და დაძაბული/უაღრესად პოლარიზებული გარემოთი. საბჭო “მკაცრად მოუწოდებს” საარჩევნო დარღვევების განხილვასა და გამოძიებისკენ.
საბჭო “მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მზარდი პოლარიზაციის დასაძლევად და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა, როგორიცაა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა და დეზინფორმაცია”.
დასკვნაში საუბარია ვიზალიბერალიზაციაზეც და მოწოდებაა, სასწრაფოდ შესრულდეს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები, მათ შორის ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკასთან თანხვედრის ნაწილში.