რა უნდა იცოდნენ ბრენდებმა ალფა და ზეტ თაობებზე?

თუ კომპანიას გრძელვადიანი წარმატება დაუსახავს მიზნად, მაშინ გრძელვადიანი აზროვნებისკენაც უნდა გადაინაცვლოს. ეს კი იმისგან დაშორებას ნიშნავს, რაც დღეს შეიძლება სწორი იყოს… თაობა ზეტი ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა და ეს გასაკვირი არცაა — ისინი ტექნოლოგიებს უფრო მეტად იცნობენ. მიზანზე ორიენტირებულნი არიან და საკუთარ შეხედულებებსაც იმაზე მეტად აჟღერებენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა თაობა. მიუხედავად ამისა, არც ისე დიდი ხნის წინ, ბევრი კომპანია თაობა ზეტს სულაც არ მიიჩნევდა მთავარ სეგმენტად და ზუსტად ისე ეპყრობოდა მათ, როგორც მილენიალებს. თუმცა ფაქტია, მალევე მიხვდნენ, რომ ამ ორ თაობას იმაზე ნაკლები საერთო ჰქონდა, ვიდრე ეგონათ.
ახლა კი უნდა ვეცადოთ, რომ თაობა ალფას შემთხვევაშიც ასე არ დაგვემართოს, რომელიც უკვე 2028 წლისთვის მსყიდველობითუნარიან ასაკს მიაღწევს. თუმცა ექსპერტები ორ რაიმეს ვარაუდობენ: ალფა იმაზე უფრო „ჯენ ზი“ იქნება, ვიდრე თავად თაობა ზეტია და თუ ბრენდები სამომხმარებლო გამოცდილებასთან მიმართებით ალფა თაობის მოლოდინებს არ დააკმაყოფილებენ, წარმატებას ვერ მიაღწევენ.
კვლევა კი ზუსტად ამიტომ ჩაატარეს — გაიგეს ალფა თაობის ქმედებები და გრძნობები იმ დონეზე, რომ ბრენდებმა ამისთვის მომზადება შეძლონ. ყველაზე საინტერესო მიგნებები კი ალფას თაობის ზეტთან შედარებისას გამოვლინდა… აი, რას უნდა მიაქციოს ბრენდებმა ყურადღება:
ალფა თაობის ტექნოლოგიური დამოკიდებულება
ამ თაობისთვის ტექნოლოგია რაღაც ახალი არ არის, იმაზე ადრე ჰქონდათ ტექნოლოგიური მოწყობილობები, ვიდრე თაობა ზეტის წარმომადგენლებს — უმეტესობა 6 წლის ასაკიდან უკვე პლანშეტს, ხოლო 10 წლიდან სმარტფონს მოიხმარს. მოკლედ რომ ვთქვათ, ციფრული ადამიანები არიან, რომლებიც ტექნოლოგიებზე სრულიად განსხვავებულად ფიქრობენ.
თაობა ზეტის წარმომადგენლები კი უკვე ამჩნევენ, რომ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულნი არიან, რომ ეკრანთან დიდ დროს ატარებენ. ამიტომ ფიზიკური აქტივობებითა თუ გარეთ სეირნობით ამასთან გამკლავებას ცდილობენ. ალფას კი ეს ჯერ სულ არ ანაღვლებს. ტექნოლოგიას ცხოვრების განუყოფელ ნაწილად თვლის და არა იმად, რაც „ცხოვრებას წაართმევს“: ისინი გარეთ მეგობრებთან ერთად თამაშობენ, მონაწილეობას იღებენ ფიზიკურ აქტივობებში და ტექნოლოგიების გამოყენებასაც აბალანსებენ.
გეიმინგი
თუ თაობა ზეტისთვის გეიმინგი რაღაცისგან გაქცევის საშუალებაა და ამას მეტავერსში ყოფნად უფრო აღიქვამენ, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში, ალფასთვის გეიმინგი რაღაცის შექმნის შესაძლებლობაა — სწამთ, რომ საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებაა იმ გზებით, როგორებიც უნიკალური ახალი სამყაროების შექმნა შეიძლება იყოს ან თამაშებით წარმოსახვის გაზრდა. შესაბამისად, ეს მათთვის თავის დაღწევის გზა კი არა, ოცნებების ასრულებაა ვირტუალურ სამყაროში.
მიზანი და ავთენტურობა
თაობა ზეტმა თუ საუბრები მენტალურ ჯანმრთელობასა და სოციალურ ცვლილებებზე წამოიწყო, ალფა კიდევ უფრო შორს წავიდა და მაღალი სტანდარტები დააწესა ინოვაციებისთვის. ბრენდები კი ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად უნდა მოემზადონ. მათ ყველა სეგმენტზე გათვლილი კამპანიებით ვერ მოხიბლავთ, ავთენტურობა უნდა შესთავაზოთ, რაც პერსონალიზაციის იმ დონეს გულისხმობს, რომელსაც დღეს ძალიან ცოტა ბრენდი თუ დააკმაყოფილებს.
გამოდის, თაობა ალფა და ზეტი სულაც არ ჰგავს ერთმანეთს… ხოლო, სანამ ალფა თაობის წარმომადგენლები მსყიდველობითუნარიანები გახდებიან, ბრენდებს აქვთ დრო, მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მოემზადონ.

ასევე დაგაინტერესებთ