საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიმოიხილავს გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებობს.
ოკუპაცია
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ დამღა დაასვა. აღნიშნული მძიმე ფაქტი, ომბუდსმენის შეფასებით, გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხი მოქალაქის: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
„სიცოცხლის უფლების დარღვევასთან ერთად, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა; ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა; უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი კი ყოველდღიურობად იქცა. ოკუპაციის შედეგებთან გამკლავება წლებია საქართველოში დევნილი მოსახლეობის ყოველდღიურობაა“, — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მრავალწლიანი პროცესის და ეტაპობრივად გაუმჯობესებული პროცედურების მიუხედავად, სახალხო დამცველის შეფასებით, არსებული წესები გარკვეულწილად ხარვეზიანი რჩება და ამასთან, განსახლების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების ნაწილი დაუსაბუთებელია. გამოწვევაა ისიც, რომ გასულ წლებში დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული განსახლების ობიექტების ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია.
სიღარიბე
ომბუდსმენის თანახმად, სიღარიბე კვლავ ერთ-ერთ უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, ამ მხრივ განსაკუთრებით აღნიშნავს ბავშვთა სიღარიბის კუთხით არსებულ გამოწვევებს. ბავშვთა სიღარიბესთან ერთად მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია. სიღარიბე უარყოფით გავლენას ახდენს ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზეც.
„დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლების მსგავსად, კვლავ არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა, რაც თითოეულ მუნიციპალიტეტს უსახლკარო პირებთან მიმართებით განსხვავებული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას მისცემდა“, — ნათქვამია განცხადებაში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისათვის, ომბუდსმენის აზრით, კვლავ გასაწევია დიდი სამუშაო. განსაკუთრებით საგულისხმოა შშმ პირთა ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა.
ეროვნული უმცირესობები
სახალხო დამცველის შეფასებით, წელსაც აქტუალური იყო ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მთელი რიგი საკითხები — ეროვნული უმცირესობების განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით პრობლემაა ბილინგვური სწავლების მოდელის დანერგვა, სახელმძღვანელოების შემუშავება და ორენოვანი პედაგოგების მომზადების/გადამზადება. პრობლემურია სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგნის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.
გამოხატვის თავისუფლება
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2023 წელს არანაკლებ აქტუალური იყო კანონის უზენაესობის და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.
„2023 წელს გაიმართა არაერთი შეკრება, აქცია თუ კონტრაქცია. სამწუხაროდ, შეკრების თავისუფლებაში ჩარევისას რიგ შემთხვევებში პოლიციელების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, 2023 წლის 7-9 მარტს გამართული აქციის დაშლასა და სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას, საფუძვლად დაედო შეკრების მონაწილეთა მხოლოდ ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები, რაც საჭიროებდა კონკრეტული მოძალადეების მიმართ ინდივიდუალური — აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებების გატარებას“, — აცხადებს სახალხო დამცველი და დასძენს, რომ შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება.
სახალხო დამცველი წლებია საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე, რადგანაც საბჭოთა პერიოდის მოქმედ კოდექსს ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.
„აღნიშნულის ნათელი მაგალითია 2023 წლის 2-3 ივნისს პოლიციის მხრიდან ამ მოძველებული კანონმდებლობის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაკავების ფაქტები, რა დროსაც სახალხო დამცველის აპარატმა ხუთ საქმეზე სასამართლოში მეგობრის მოსაზრება წარადგინა. სამწუხაროდ ეს საქმეებიც ადასტურებს, რომ ხშირად გამოხატვის თავისუფლებასა თუ შეკრების უფლების რეალიზაციაში ჩარევა მხოლოდ პროტესტის გამოხატვისთვის შერჩეული სტილის გამო ხდება, რაც სრულიად ეწინააღმდეგება შესაბამის ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტებს“, — აცხადებს სახალხო დამცველი.
იოსელიანის შეფასებით, ამ მხრივ 2023 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო „შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები. წარმოდგენილი პროექტით სახეზე იყო გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.
სახალხო დამცველის შეფასებით, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი გარემოს არსებობა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად იოსელიანი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზებას, რასაც ძირითადად მოძველებული კანონმდებლობა აბრკოლებს.
„2023 წელს კვლავ გაგრძელდა უფლებადამცველთა საქმიანობისთვის დაბრკოლებების შექმნის ტენდენცია, რაც, წლების განმავლობაში, მათი დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციისკენ მიმართული კამპანიების წარმოებაში გამოიხატებოდა“, — აცხადებს სახალხო დამცველი.
ამ კუთხით განსაკუთრებით შემაშფოთებელს უწოდებს ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტების ინიციირება, რომლებიც არ შეესაბამებოდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტებს.
პატიმრების უფლებები
ომბუდსმენის შეფასებით, წინა წლების მსგავსად, პრობლემურია სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლება აღკვეთილ და დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა. ამ მხრივ კვლავ გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების წარმოება.
„გამოწვევებია პენიტენციურ სისტემაშიც. უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. პენიტენციური სისტემაში კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი საუბრობს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობაზეც. კერძოდ, ადგილობრივი საბჭოები, რომლებიც პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზე მუშაობენ, ხშირად ანალოგიური მოცემულობების საქმეებში განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ. პრობლემურად მიიჩნევს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციაც.
„პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, დაწესებულებას ვერ ტოვებენ“, — აღნიშნავს ომბუდსმენი.
თანასწორობა
რაც შეეხება ქვეყანაში თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, სახალხო დამცველი სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ არა თუ არ მომხდარა თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭირო სტრატეგიის დამტკიცება, არამედ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში, სხვა სოციალური ჯგუფების აღნიშვნის პარალელურად, ლგბტ+ ადამიანები საერთოდ არ არიან მოხსენიებულნი. ლგბტ+ თემი არ არის მოხსენიებული არც სტრატეგიასთან მიმართებით შემუშავებული სამოქმედო გეგმის პირველად ვერსიაში.
იოსელიანის შეფასებით, პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების გავრცელებაც, რაც აძლიერებს დისკრიმინაციულ განწყობებს და ხშირად ქალთა წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ქალების გასაჩუმებლად გამოიყენება.
თანასწორობისა და რელიგიის თავისუფლების ჭრილში, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხსაც.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ფემიციდის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. სახალხო დამცველის ხელთ არსებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის 6 თვის მონაცემებით ქალის მკვლელობის 13 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ოჯახური დანაშაულის ნიშანი 7 შემთხვევაში გამოიკვეთა.
2023 წელს შემაშფოთებელი იყო 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, რომელსაც წინ სხვადასხვა ფორმის გენდერული ნიშნით ძალადობა უძღოდა. აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობის აუცილებლობა.
„მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომაც. პრობლემურია საქართველოს კანონმდებლობაც. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობა სრულყოფილად კვლავ არ შეესაბამება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციით გათვალისწინებულ სტანდარტებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემური ჩანაწერი“, — ნათქვამია განცხადებაში
სახალხო დამცველი საჭიროდ მიიჩნევს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას და მისი მანდატის გავრცელებას გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.
ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს პროკურატურის რეფორმის საჭიროებაზეც.
სახალხო დამცველის შეფასებით, კვლავ შეუსრულებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო რეკომენდაციების ნაწილი, როგორიცაა სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევა ამავე სასამართლოს მოსამართლეების მიერ, სასამართლოში საქმეთა განაწილების სისტემის გაუმჯობესება და სხვა საკითხები, რაზეც სახალხო დამცველი არაერთი წელია საუბრობს.