რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს სამშენებლო კომპანია “ანაგს”?

საქართველოს სამშენებლო სექტორის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანია “ანაგმა” 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 355 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021-თან შედარებით 101 მილიონით მეტი იყო. ამასთან, 2022 წელს კომპანიის წმინდა მოგება 3.1 მილიონი ლარი იყო.

“ანაგი”, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც საცხოვრებელი, კომერციული, სპორტული და ინდუსტრიული დანიშნულების უძრავ ქონებას აშენებს. კომპანიის პროექტებს შორისაა აჭარაბეთ არენა ბათუმში, ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი, სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი, სასტუმრო პარაგრაფ თბილისი, სავაჭრო ცენტრი “ისთ ფოინთი”, “ჰილტონ ”, “თბილისი გარდენსი”, ასევე “არქის”, “m2”-ის და სხვა წამყვანი დეველოპერების პროექტები.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:

შემოსავალი სამშენებლო კონტრაქტებიდან – 341 მილიონი ლარი;
შემოსავალი საქონლის რეალიზაციიდან – 14 მილიონი ლარი;
სულ – 355.5 მილიონი ლარი.

კომპანიის მიერ მიწოდებული სამშენებლო სერვისების თვითღირებულება 322 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 132 მილიონი სერვისის საფასურს წარმოადგენდა, 102 მილიონი სამშენებლო მასალების ღირებულებას, ხელფასები და სხვა დაკავშირებული ხარჯები კი 52 მილიონი ლარი იყო.

“კომპანია ვარაუდობს, რომ მისი საქმიანობა მომავალ წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება დამატებით მნიშვნელოვანი კონტრაქტების მოპოვების შედეგად, ხოლო 203-2024 და 2023 წელს შემოსავალი მიაღწევს 424 მილიონ ლარს დღგ-ის გარეშე,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელია ბიზნესმენი ზაზა გოგოტიშვილი, ხოლო კომპანიის ჯამური აქტივები 360 მილიონი ლარი, ვალდებულებები კი 257 მილიონი ლარია.

ასევე დაგაინტერესებთ