პუტინის ხაფანგი საქართველოსთვის და ვერაგული გეგმა – თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს ერთობლივი სახელმწიფოს შექმნას შესთავაზებენ?!

მეორე კვირაა სოხუმიდან მოულოდნელად და დიდი მონდომებით გააქტიურდა განცხადებები იმის შესახებ, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის საჭიროა დიალოგი, და გაჩნდა კითხვები, რა სატყუარას შეიძლება ამზადებდეს “აფხაზური დიალოგის” შემოთავაზებით და არის თუ არა იმის ალბათობა, რომ აფხაზეთთან კონფედერაციის მოდელზე საუბარი კრემლმა აშკარად ან ირიბად კვლავ გაააქტიუროს როგორც ერთგვარი მორიგი ხაფანგი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ფონზე.

პოლიტოლოგების თქმით, დღეს კონფედერაციის შემოთავაზების ალბათობა მცირეა, რადგან აფხაზები მიიჩნევენ, რომ უკვე “დამოუკიდებლები” არიან. თუმცა გამორიცხული არც ისაა, რომ ევროკავშირთან დაახლოების შესაფერხებლად­ დაიწყოს ქიმერული იდეების გაჟღერება­ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი დარეგულირების შესახებ და ერთ-ერთი თამამად შემოგდებული სატყუარა კონფედერაციის მოდელზე საუბრის კვლავ გააქტიურებაც­ იყოს.

“ეს იქნება სატყუარა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საპირწონედ­. იქნება ცრუდილემები, რომელთაც ქართველ საზოგადოებას რუსები და “ქართული ოცნება” ერთდროულად შესთავაზებენ”, – აცხადებს “სამოქალაქო იდეას” ანალიტიკოსი გიორგი შაიშმელაშვილი – კერძოდ, ეს ცრუდილემა ასეთი იქნება, ნაცვლად ევროკავშირის წევრობისა, ხომ არ არის სასურველი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რუსები, ოფიციალური პირები, საბოლოოდ სიტყვა “კონფედერაციასაც” არ ახსენებენ. შეიძლება მსგავსი რამ ექსპერტთა წრეებში თქვან”.

“დიალოგი აუცილებელია” – აფხაზებს საუბარი სურთ?

ჟენევაში, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება, რომ 5-წლიანი პაუზის შემდეგ­ გალში კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები­ აღდგება. ამის ინიციატორი დე ფაქტო ხელისუფლებაა, რომელმაც განაცხადა, რომ ენგურის ხიდთან უკვე მთავრდება შეხვედრებისთვის ნეიტრალური სივრცის მოწყობა. პარალელურად, ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ “ჟენევა შორსაა და ყველას არ ესმის” და აფხაზები მზად არიან თანაბარი დიალოგისთვის, რისთვისაც გალის შეხვედრები უნდა განახ­ლდეს. მანამდე კი ს ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ აფხაზეთის­ ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრ ვახტანგ ყოლბაიასთან ონლაინსაუბარში განაცხადა, რომ “ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს” და კონფლიქტის გადასაჭრელად საუბარი აუცილებელია. შამბამ და ყოლბაიამ ჟურნალისტის კითხვებს პირდა­პირ ეთერში უპასუხეს, რასაც შეფასებები მოჰყვა თბილისსა და სოხუმშიც. თბილისში გაკეთდა განცხადებები, რომ “მათ პირდაპირ უნდა ველაპარაკოთ”, სოხუმში კი ითქვა, რომ შამბა, ალბათ, კარასინის დავალებით მოქმედებს.

პოლიტოლოგების თქმით, რუსეთში ცდილობენ ქართული მხარე და საზოგად­ოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს აფხაზეთის შესახებ რაღაც მოლაპარაკებები დაიწყო და ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, თუმცა ეს მხოლოდ სატყუარაა და რეალურად არაფერი გაკეთდება.

რა სატყუარა შეიძლება მოამზადოს რუსეთმა, უცნობია. თუმცა “ქართული ოცნების”­ მიერ რუსეთთან დათბობის პოლიტიკაზე მუდმივი აქცენტების ფონზე, მოლოდინია, რომ მოსკოვმა აფხაზეთის პრობლემის მოგვარების რაიმე გზა შემოგვთავაზოს­ და გამორიცხული არ არის, ერთ-ერთ ასეთ საკითხად აფხაზეთთან კონფედერაციის მოდელიც განიხილებოდეს.

სატყუარა რუსეთისგან?

კონფედერაცია ნიშნავს რამდენიმე სახელმწიფოსგან შემდგარ კავშირს, რომელშიც შემავალი სუბიექტები სრული სახით ინარჩუნებენ სუვერენიტეტს და ყველა წევრს უნარჩუნდება კონფედერაციიდან თავისუფალი გასვლის უფლება. კონფედერაციის მოდელზე საუბარი აფხაზეთმა­ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო და 1998 წლამდე ამ მოდელზე ფიქრობდა. შემდეგ კი ამ თემის განხილვამ უფრო კულუარულ და ექსპერტთა წრეებში გადაინაცვლა და კონფედერაციის შემოთავაზებები დროდადრო ირიბად გააქტიურდებოდა ხოლმე ხან აფხაზეთის, უფრო ხშირად კი რუს პოლიტიკოსთა თუ ექსპერტთა წრეებში, თუმცა ეს თემა 2008 წლის ომის შემდგომ დღის წესრიგიდან გაქრა.

ისტორიკოს გია ანჩაბაძის თქმით, აფხაზებმა კონფედერაციაზე საუბარი ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს დაიწყეს.

“საუბარი იყო კონფედერაციაზე თუნდაც გამოყოფის გარეშე, მაგრამ მაშინ ეს წინადადება თბილისში არ მიიღეს და გადაწყდა არჩევნების ჩატარება. მეორედ ეს საკითხი დადგა მაშინ, როცა თბილისში გადატრიალება მოხდა. ვლადისლავ არძინბამ დაახლოებით იგივე ვარიანტი შემოგვთავაზა, როგორიც რუსეთში იყო, როდესაც რუსეთის ავტონომიები რესპუბლიკები გახდა და მოსკოვი ხელშეკრულებებს დებდა. ამ მოლაპარაკებაში მეც ვმონაწილეობდი. მაშინ დროებითი მთავრობა იყო. აფხაზები ამ მოდელზე 1998 წლამდე ფიქრობდნენ. აფხაზი ექსპერტები სტატიებსაც ხშირად აქვეყნებდნენ. შემდეგ კი, როცა 1998 წლის მაისში გალში ე.წ. მარულა ჩატარდა და პატარა ომი მოხდა, აფხაზებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და კონფედერაციის თემის განხილვაც შეწყდა”, – ამბობს ანჩაბაძე.

კონფლიქტოლოგ ზურაბ ბენდიანიშვილის განცხადებით, აფხაზები კონფედერაციულ მოწყობას ომის შემდეგაც ითხოვდნენ, თუმცა დღეს დამოუკიდებლობაზე აკეთებენ სწორებას, კონფედერაციული მოწყობა მათთვის გუშინდელი დღეა.

“აფხაზები კონფედერაციულ მოწყობას ომის შემდეგაც ითხოვდნენ. ეს იყო აფხაზური მხარის ინიციატივით შედგენილი საგზაო რუკა, რომელსაც ერქვა “მომავლის გასაღები”. ერთ-ერთი ავტორი იყო სერგეი შამბა, რომელიც 2004 წელს თბილისში ჩამოვიდა. “” უკვე მომხდარი იყო და აფხაზებმა იფიქრეს, რომ ეს კარგი მომენტი იყო საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის ამ ფორმატის შესათავაზებლად. შამბა ჩამოვიდა თბილისში, სააკაშვილმა კი შეხვედრის ნაცვლად სენაკში სამხედრო ბაზა გახსნა და ამ ფორმით უპასუხა აფხაზების ამ ინიციატივას. ამის შემდეგ ეს თემა პოლიტიკურ დღის წესრიგში აღარ დამდგარა. ამის შემდეგ სააკაშვილის განცხადებაც გვახსოვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებდა და ამდენად აზრი დაკარგა მსგავსი ტიპის შემოთავაზებებმა”, – ამბობს ბენდიანიშვილი.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია