პოლონეთში სინთეზური ოპიოიდების წარმოების უდიდესი ლაბორატორია განადგურდა

პოლონეთისა და უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა, ევროპული საპოლიციო ორგანიზაციის (ევროპოლი) მხარდაჭერით, პოლონეთში სინთეზური ოპიოიდების წარმოების უდიდესი ლაბორატორია გაანადგურეს და 195 კილოგრამი კრისტალური მეტადონი ამოიღეს. ამ ინფორმაციას ევროპოლი ავრცელებს.
ორივე ქვეყანაში ჩატარებული 38 რეიდის დროს, პოლონეთის პოლიციის გამოძიების ცენტრალური ბიუროსა და უკრაინის ეროვნული პოლიციის ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლონეთსა და ში ნარკოტიკების წარმოებაზე პასუხისმგებელი ქსელის შვიდი წევრი დააკავეს.
ევროპოლის ცნობით, ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, შესაძლებელი გახდა პოლონეთსა და უკრაინაში რვა ლაბორატორიის ლიკვიდაცია, რომლებიც სინთეზური კათინონების (მეფედრონი, Alpha-PVP) და მეტადონის დასამზადებლად გამოიყენებოდა. რეიდების დროს, სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით ქიმიური ნივთიერებები და ნარკოტიკების პრეკურსორებიც ამოიღეს.
პოლიციის გამოძიების ცენტრალური ბიუროს ორგანიზებული ნარკოდანაშაულის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორის მოადგილის, მიხალ ალექსანდროვიჩის თქმით, ლიკვიდირებული ლაბორატორია ყველაზე დიდი იყო არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ მთელი ევროკავშირის მასშტაბით.
„აქამდე, 2017 და 2020 წლებში, ორი ასეთი ლაბორატორიის ლიკვიდირება მოხდა ლატვიაში. თუმცა, იმ ლაბორატორიებში წარმოების მასშტაბები ნამდვილად ნაკლები იყო“, – განაცხადა ალექსანდროვიჩმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროპოლის მიერ გამოქვეყნებულ ამ ფოტოებზე აღბეჭდილნი არიან პოლონელი და უკრაინელი სამართალდამცავები, პოლონეთში ნარკოლაბორატორიის ლიკვიდაციის დროს.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი