პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი დიღმის ნაწილსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. აღნიშნულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 340 ადგილია გათვალისწინებული, მათ შორის, 14 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილის დამუხტვისთვის – ორი ადგილი.
უფასო პარკირებით სარგებლობისთვის სისტემაში რეგისტრაცია ადგილობრივ მცხოვრებლებს ისევ შეუძლიათ. იმისათვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უფასო პარკირებით ისარგებლოს, საჭიროა სისტემაში ავტომობილების დარეგისტრირება. რეგისტრაციის შემდეგ ისინი 100 მეტრის რადიუსში უფასოდ შეძლებენ ორი სატრანსპორტო საშუალების პარკირებას. დანარჩენ შემთხვევებში, ერთი საათით პარკირების ღირებულება ერთ ლარს შეადგენს. ზონალურ-საათობრივი პარკირება შშმ პირთათვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის მთელი ქალაქის მასშტაბით უფასოა.
„მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი დიღმის ნაწილსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უფასო პარკირებისთვის სისტემაში რეგისტრაცია 1-ელი ივლისიდან დაიწყო. დღესაც არის შესაძლებლობა, რომ მიხვიდეთ საინფორმაციო ჯიხურებში და ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან, ხელს შეგიწყობენ იმისთვის, რომ შემდგომში თქვენივე საცხოვრებელ სახლებთან ავტომობილის პარკირება შეძლოთ ყოველგვარი გადასახადის გარეშე“, – განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ.
