პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, რომ პრეზიდენტი კვლავ პირდაპირი წესით მოქალაქეებმა აირჩიონ

„ოცნების” საპატიო თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას მოვუწოდებთ, ამ საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ მუშაობა კონსტიტუციურ ცვლილებაზე, პრეზიდენტის საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩევის წესის დაბრუნებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტია „საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს „ოცნების” საპატიო თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ამ საგაზაფხულო სესიიდანვე დაიწყონ მუშაობა კონსტიტუციურ ცვლილებაზე.
„გახარიას გუნდი, პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელდეს ცვლილება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. კერძოდ, დაბრუნდეს მანამდე არსებული წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ. ეს უზრუნველყოფს პრეზიდენტის საჭირო ლეგიტიმაციასა და დამოუკიდებლობას.
ხელისუფლებაში ბალანსის პრობლემაზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც აღიარა „ოცნების” ხელისუფლების შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების პრობლემა, მაგრამ პრობლემის კონსტიტუციურად მოგვარების ნაცვლად საკუთარი თავი შემოგვთავაზა ხელისუფლების მაკონტროლებლის როლში, სხვათა შორის, უკვე მესამედ. მიუხედავად ამდენი იმედგაცრუებისა, რომც დავიჯეროთ, რომ ივანიშვილს თავისივე „ოცნების” ძალაუფლების დაბალანსება უნდა, დემოკრატიულ სისტემაში შეუძლებელია ერთი ადამიანი წარმოადგენდეს სახელმწიფო სტაბილურობის გარანტს. შესაბამისად, ლოგიკურად, მის ინტერესშიც უნდა შედიოდეს მაღალი ლეგიტიმაციის კონსტიტუციური ინსტიტუტების შენარჩუნება. ამიტომ, მოვუწოდებთ „ოცნების” საპატიო თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას, ამ საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ მუშაობა კონსტიტუციურ ცვლილებაზე, სახელმწიფოს მეთაურის – პრეზიდენტის საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩევის წესის დაბრუნებასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ლილუაშვილმა.