პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის აზრით, ქართული ოცნების სიის პირველ ოცეულზე ოპოზიცია და “მათი მხარდამჭერი NGO-ები” “დაიბოღმნენ”, ხალხს კი “გაუხარდა”, რომ სიის სათავეში ბიძინა ივანიშვილია.
“რაც შეეხება ჩვენი საარჩევნო სიის პირველ ოცეულს – თქვენ ნახეთ ოპოზიცია, მათი მხარდამჭერი NGO-ები რა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ და ბოღმის გარდა ვეღარაფერი ვეღარ თქვეს ამ სიასთან დაკავშირებით. თვითონ ხვდებიან, ეს არის მათი საბოლოო დამარცხების სია, სია, რომელიც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.
ჩვენ ვნახეთ ხალხის რეაქცია, მათ შორის გაუხარდათ, რომ ჩვენი ლეგენდები არიან პირველ ოცეულში, გაუხარდათ ის, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება სიის სათავეში და ის გაუძღვება წინ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ”, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.
ქართულმა ოცნებამ 10 სექტემბერს 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომლის სათავეშიც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.
სიას რამდენიმე ახალი სახე შეემატა, მათ შორის სპორტსმენები – გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე, ასევე ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის დეპუტატებიც – სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში 5%-იან ბარიერს გადალახავენ.