პირდაპირ ჩანს, რომ რუსეთი ოკუპაციიდან ანექსიის სტრატეგიაზე გადავიდა და ამას აკეთებს არა მარტო მარიონეტული ხელისუფლების დახმარებით, არამედ საქართველოს უმოქმედო ხელისუფლების ხელშეწყობითაც, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხს.
მისი თქმით, ბიჭვინთა საქართველოს სუვერენული ტერიტორიაა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა ეროვნულ პოზიციად ვერ ჩაითვლება.
„მე არ ვამბობ, რომ რაიმე დიდი ზემოქმედება შეგვიძლია, მაგრამ საერთაშორისო თვალსაზრისით, ყველამ ვიცით, რომ ბიჭვინთა არის საქართველოს სუვერენული ტერიტორია. როცა ამის შესახებ განცხადებაც არ კეთდება, ეს ეროვნულ პოზიციად ვერ ჩაითვლება. ეს არის ყველაზე მეტად სამწუხარო და ნამდვილად იქნება საჩუქარი, რომ აფხაზეთის ლამაზი კუთხის, ლამაზი ნაწილი, პუტინის პირად საკუთრებად გადაიქცეს,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს.