ორგანოთა ტრანსპლანტაციისთვის წელს სახელმწიფოს 6 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი

ორგანოთა ტრანსპლანტაციის (ძვლის ტვინის და ღვიძლის ტრანსპლანტაცია) პროგრამისთვის წელს ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი დაიხარჯება. მის შესახებ 2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი.
პროგრამის სამიზნე პაციენტები არიან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები, გარდა თბილისში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული პირებისა (მათთვის მუნიციპალური პროგრამები მოქმედებს), რომლებსაც აქვთ მწვავე ლეიკემია, მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია, მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია, იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემია, არაჰოჯკინის ლიმფომა, ჰოჯკინის ლიმფომა, მიელოდისპლაზიური სინდრომი, აპლაზიური ანემია, ჰისტიოციტოზი, თალასემია, მრავლობითი მიელომა(მიელომური ავადმყოფობა).
პროგრამის ფარგლებში იფარება: ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია, ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევები, ტრანსპლანტაცია (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლიოიდენტური ტრანსპლანტაცია), მათ შორის, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა. ასევე ფინანსდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია.
ყველაზე ძვირად ღირებულ სერვისებს შორისაა ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაცია (მათ შორის პაციენტის კონდიცირება – ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა), რომლის ღირებულება 205 000 ლარია. ალოგენურ ტრანსპლანტაციაში (მათ შორის პაციენტის კონდიცირება – ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა) სახელმწიფო 170 ათას ლარს გადაიხდის, ღვიძლის ტრანსპლანტაციაში კი – 120 ათასს.
Jandacva.ge