TV ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ფეისბუქ-პოსტის გამო 3000-ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება გორის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა მიიღო.
საქმე ეხება 6 აპრილს, ჯიოშვილის მიერ საკუთარ პროფილზე გამოქვეყნებულ ვიდეოებს და თანდართულ ტექსტს, სადაც პოლიციელებს აგინებს. 8 აპრილს, შსს-მ მას სამართალდარღვევის ოქმი პოლიციელის შეურაცხყოფის მოტივით შეუდგინა.
საქმე 10 აპრილს განიხილეს. დღეს, 1-ელ მაისს კი მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა.
“დავით პაპუაშვილი ვერ მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ დღეს პოლიციაც, სასამართლოც, პროკურატურაც და ყველა სახელმწიფო ორგანო არის ერთი ბატონის ხელში. ესენი არიან მონები და აგრძელებენ თავიანთ მონურ საქმიანობას […] მე ვთქვი და ვიმეორებ, რომ არ ვაპირებ ჩემი აზრების გამოხატვის შეზღუდვას”, განაცხადა ლაშა ჯიოშვილმა სხდმის დასრულების შემდეგ.
რა პოსტის გამო შეუდგინეს ოქმი ჯიოშვილს?
6 აპრილს ჯიოშვილმა გამოაქვეყნეა რამდენიმე ვიდეო, სადაც ჰყვება, რომ გორის საკრებულოსთან ტრადიციული შეკრების დროს, მოქალაქეებს ჩაუარა მანქანამ და აგრესიული ფრაზებით მიმართა. იქვე მდგომი საპატრულო ეკიპაჟი გაჰყვა აღნიშნულ მანქანას.
როგორც ჯიოშვილი წერს, მეგობართან ერთად გაჰყვა ეკიპაჟს, რათა ენახათ, რა რეაგირება ექნებოდათ მათ. აღმოაჩინეს, რომ პოლიციელები ხელის ჩამორთმევით და მხარზე ხელის მეგობრულად დარტყმით დაემშვიდობნენ მათ.
სამი კვირის შემდეგ ჯიოშვილმა აღმოაჩინა, რომ იგივე მანქანა იდგა საკრებულოს წინ და საქარე მინაზე შსს-ს სამსახურებრივი საშვი ჰქონდა დამაგრებული. იქვე იდგა იგივე საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც სამი კვირის წინ მათ დაედევნა, თუმცა რეაგირება არ ჰქონია.
ეს ისტორია, შესაბამის ვიდეოებთან ერთად, ჯიოშვილმა ფეისბუქზე დაწერა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეისბუქ-გვერდი მონიშნა და შეაგინა.
დეტალურ ინფორმაცია წაიკითხეთ შემდეგ ბმულზე:
· ფეისბუქ-პოსტის გამო TV პირველის ოპერატორს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს
