გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწევს, უპასუხოს შეკითხვებს ქვეყნის უდიდეს საგადასახადო თაღლითობის სკანდალში მისი სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, რომელიც, შეიძლება, მისი სანდოობისთვის კიდევ ერთი გამოწვევა გახდეს მიმდინარე საარჩევნო კამპანიისას, რომელშიც ის უკვე ჩართულია, – ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება.
გამოცემა წერს, რომ მემარცხენე-ცენტრისტი ლიდერი პარასკევს მესამედ აღმოჩნდება ჰამბურგის საპარლამენტო საგამოძიებო კომიტეტის წინაშე ე.წ. “cum-ex” და “cum-cum” საქმეებთან მისი კავშირის საკითხზე, რომლებშიც გერმანიის სახელმწიფო, სავარაუდოდ, დაახლოებით 36 მილიარდი ევროთი დაზარალდა, რადგან ზოგიერთმა ბანკმა, კომპანიამ თუ ფიზიკურმა პირმა ხელისუფლებისგან არასწორად გადახდილი გადასახადების ანაზღაურება მოითხოვა.
„ვაგრძელებთ კვლევას იმის გასარკვევად, იყო თუ არა რაიმე სახის პოლიტიკური გავლენა პროკურატურაში“, – განაცხადა „მწვანეების“ საგამოძიებო კომიტეტის წევრმა, ფარიდ მიულერმა განაცხადა.
Politico წერს, რომ შოლცი იბრძვის პოლიტიკური გადარჩენისთვის მას შემდეგ, რაც გასულ თვეში მისი სამპარტიული კოალიცია დაიშალა, როდესაც თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი. შოლცის მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ამჟამად, რეიტინგის მიხედვით, მესამე ადგილზეა არჩევნებში, რომელიც თებერვალში გაიმართება.
გამოცემის ინფორმაციით, ოლაფ შოლცის დაკითხვის გადაწყვეტილება საქმეში ჩართულ ერთ-ერთ ბანკთან, ყოფილ HSH Nordbank-თან მისი ურთიერთობის გამო მიიღეს. აღნიშნულმა ბანკმა 2014 წელს საგადასახადო ორგანოებს გადაუხადა დაახლოებით 126 მილიონი ევრო, მას შემდეგ რაც იურიდიულმა ფირმამ დეტალურად შეისწავლა 2008-2011 წლებში მის მიერ განხორციელებული ე.წ. cum-ex ტრანზაქციები.
Politico განმარტავს, რომ ასეთ ტრანზაქციებში ინვესტორები ატყუებენ საგადასახადო ორგანოებს აქციების დივიდენდის თარიღის გარშემო ვაჭრობით, რათა მიიღონ კაპიტალის მოგების გადასახადის მრავალჯერადი ანაზღაურება, რომელიც მათ ადრე არ გადაუხდიათ ან მხოლოდ ერთხელ გადაიხადეს.
მიუხედავად იმისა, რომ შოლცს ბრალი რაიმე თაღლითობის განხორციელებაში არ ედება, რჩება კითხვები, იყო თუ არა მაშინ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ HSH Nordbank-ში ყველა შესაბამისი ტრანზაქცია საჯარო.
გამოძიება ფოკუსირებულია იმაზე, თუ რამდენად იცოდა და როდის გაიგო ტრანზაქციების შესახებ შოლცმა, რომელიც მაშინ ჰამბურგის მერი და, შესაბამისად, პოლიტიკურად პასუხისმგებელი იყო და გააკეთა თუ არა საკმარისი ბრალდებების გასარკვევად.
Politico წერს, რომ ახლა, როცა გერმანიაში თებერვლის ვადამდელ არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება, კანცლერის ოპონენტები, სავარაუდოდ, ამ საკითხს უყურადღებოდ არ დატოვებენ.