სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გალოევმა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მზადებისთვის შესაბამისი განკარგულება უკვე გასცა. ამის შესახებ მან წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა მომავალი წლის მარტშია დაგეგმილი.
„სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა 98 პროცენტი რუსეთის მოქალაქეა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეთ რთულ დროსაც კი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მარტში გამოიჩენს მაღალ აქტიურობას და ხმას უმაღლეს მთავარსარდალს მისცემს“, – აღნიშნა გაგლოევმა. მას მხედველობაში ჰყავდა რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მან ადგილობრივი ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება სათანადო დონეზე წარიმართება.
„ჩვენ უკვე გამოვყავით პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებსაც მიეცათ შესაბამისი მითითებები, ისინი მუდმივ კავშირში არიან რუსეთის საელჩოსთან სამხრეთ ოსეთში. იანვრის მეორე ნახევარში, ადმინისტრაციისა და რაიონების ხელმძღვანელების , რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების და რუსეთის საელჩოს წარმომადგენლების მონაწილეობით, ჩვენ გავმართავთ საერთო კრებას არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად“, – განაცხადა გაგლოევმა.
ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები მოქალაქეების დიდი ნაწილი პარალელურად რუსეთის მოქალაქეობასაც ფლობს და ისინი ფედერაციის არჩევნებში იღებენ ხოლმე მომაწილეობას, საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, ოსინი რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრებსაც ირჩევენ, თუმცა ვითარება ხშირად აბსურდამდე მიდის. მაგალითად ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები ისე ირჩევენ, როგორც პროპორციული სიით, ასევე მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილ კანდიდატებს, რომ მათი ვინაობაც კი არ იციან ხოლმე. მაგალითად, 2021 წლის არჩევნებზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მათ ბაიკალის მხარის მაჟორიტარი დეპუტატი ანდრეი გურულევი აირჩიეს. გურულევს კი ცხინვალთან 2008 წლის აგვისტოს ომი აკავშირებდა. მაშინ ის 58-ე არმიის მეთაური იყო.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი მიწერილია რუსეთის ფედერაციის ბაიკალის მხარეს და მათი ხმები სწორედ იქ ითვლება. რუსეთმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში – „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში – მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებამდე, ანუ 2008 წლის აგვისტომდე, წლებით ადრე დაიწყო „პასპორტიზაციის პროცესი“ და იქ მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიცემა.
საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებთა უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს. დაუზუსტებელი მონაცემებით, ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს 53 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო აფხაზეთში – 240 ათასამდე.