სინდისის პატიმარი ნინო დათაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ვიცი, რომ ეს წერილი გვიან მოვა და ამიტომ უკონტექსტო და ანაქრონისტული იქნება, მაგრამ არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო მეგი დიასამიძის უკანონო დაკავებას.
მეგი ჩემს შვილზე მხოლოდ რამდენიმე წლით უფროსია, ერთ-ერთ აქციაზე გამაცნო ჩემმა კოლეგამ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა. მას შემდეგ არ მინახავს აქცია, სადაც მეგი არ შემხვედროდა. ბოლოს ჩემს სასამართლო სხდომაზე ვნახე, თავისი განუყრელი კეპი ეხურა.
დღეს გვიან ღამით გავრცელდა ეს ამბავი. საკანში შუქი ჩამქრალი მქონდა. სათვალთვალო კამერიან საკანში ვარ და ამის გამო სიმწრისგან, ტკივილისგან გამოწვეულ ცრემლსაც კი უკან ვიბრუნებ, მაგრამ დღეს ვერ შევძელი და სიბნელეში ვიტირე.
წარწერის გამო დაიჭირეს სტუდენტი გოგო 5 წლამდე მუხლით. მეგი არის ჯორჯ ორუელის რეალობის „აზრკრიმინალი“, მან ჩაიდინა „აზრდანაშაული“ და „აზრის პოლიციამ“ დააპატიმრა.
ჩვენ ყველა ჯორჯ ორუელის რეალობაში ვცხოვრობთ. მზია ამაღლობელი „აზრკრიმინალია“ – სტიკერი მიაკრა (რის გამოც დააკავეს პირველად). მეც „აზრკრიმინალი“ ვარ – (სასამართლოს) მანდატურის აგრესიულ „არ შეიძლება“-ზე ვიკითხე: „რატომ?“. ყველა „აზრკრიმინალები“ ვართ, რადგან პარტიისგან განსხვავებული აზრი გვაქვს.
ყველას დაგვიჭერენ და ყველას გაგვაქრობენ ცალ-ცალკე, მაგრამ ერთად — ვერ. არსებობს ერთი „სიმართლე“ – ქ. ოცნების „სიმართლე“. ვინც არ ეთანხმება, დამნაშავეა.
დამახინჯებულ სარკეში გვახედებენ და გვაცხოვრებენ – ომი „მშვიდობაა“, მონობა „თავისუფლებაა“, ქვეყნის ღალატი „პატრიოტიზმია“, გმირი „მაროდიორია“, ოკუპანტი „მშვიდობისმყოფელია“, საკუთარი ქვეყნის დაცვა „დანაშაულია“, (მანდატურების ჩემზე თავდასხმისას) ჩემი თავდაცვა „თავდასხმა“ აღმოჩნდა და ა.შ. ყველაფერი უკუღმაა და რეალობა გვაქვს დასაბრუნებელი, ოღონდ მხოლოდ ერთად (დგომით და ერთად ბრძოლით).
23 წლის სტუდენტი გოგო ტერორისტივით „აიყვანეს“ რეგიონული მარშრუტით მგზავრობისას, სპეცოპერაცია ჩაატარეს და მერე 9 საათი ზურგს უკან ხელბორკილდადებული ამგზავრეს, თითქოს ტერორისტი ყოფილიყო.
ასე ტერორისტივით „ამიყვანეს“ მეც, სახლის მიმდებარედ უფორმოდ ჩასაფრებულებმა. უფორმოებმა ჯერ ტელეფონი ისე წამგლიჯეს, თავი ჰოლივუდურ ბლოკბასტერში მეგონა.
ყველა აზრკრიმინალი ასე „აჰყავთ“, გაწერილი სცენარით. მერე იწყება არასათანადო მოპყრობა, ზოგჯერ – წამება, ტუალეტში არგაშვება, ცინიზმი… პროკურორის და შემდეგ მოსამართლეეების დოკუმენტებში მიწერია ისეთები, რომ მგონია, ან ტერორისტული დაჯგუფების წევრი ვარ, ან მაფიოზური სინდიკატის წევრი, ან სერიული დამნაშავე კრიმინალური მიდრეკილებებით. ბოლოს ფსიქიატრიული დიაგნოზებიც დამისვეს და შეურაცხადად მაცხადებდნენ, მაგრამ იცით, რატომ არ გამოუვიდათ? – საზოგადოების ერთიანობის გამო!
ჰოდა, არც ახლა არ უნდა გამოუვიდეთ! 13 თუ 27 სექტემბერს, 4 ოქტომბერს თუ ნებისმიერ სხვა დღეს, ყოველდღე უამრავი ადამიანი უნდა იდგეს ქუჩაში და ითხოვდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.
დააყენეთ მოთხოვნები საპროტესტო საზოგადოებამ და ასევე მიუყენეთ ზეწოლის ბერკეტები, იქნება ეს გაფიცვა, დაუმორჩილებლობა, თუ სხვა. იყავით ერთიანები და თანამიმდევრულები. ციხით ვერავის ვერ შეაშინებენ.
მეგი დიასამიძეზე პირველი რაც გამახსენდა, „დროების ადამიანში“ დაფაზე ერთი სიტყვა -თავისუფლება – დაწერა.
სადაც არ უნდა გამოკეტონ და გამოამწყვდიონ, ვერც შეაშინებენ და ვერც თავისუფლებას წაართმევენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს.
გთხოვთ, მეგის ჩემგან გადასცეთ, რომ თავიდან არის ძნელი. თავიდან არის გაურკვევლობა. შაბათ-კვირას უწევს ჩემსავით ციხეში შემოსახლება. ეს შეგნებულად აქვთ მოფიქრებული. შაბათ-კვირას ციხე „მკვდარია“, არაფერი არ ხდება, ადვოკატი ვერ შემოდის, საბაზისო ნივთებს გაძლევენ და თითქოს გამოქვაბულში ხარ. მაგრამ ესეც გაძლებადია. მეგის ციხე ვერ შეაშინებს, ჩემგან გამხნევება არ სჭირდება, აქეთ გაგვამხნევებს!
10 სექტემბერი, 2025
მეხუთე პენიტენციური დაწესებულება“.