ნაძვის ხის კონსტრუქციის მონტაჟი არ არის დასრულებული და არ არის უსაფრთხო. არ ახვიდეთ კონსტრუქციაზე, – თბილისის მერიის მოწოდება

თბილისის მერია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს არ ავიდნენ ნაძვის ხის რკინის კონსტრუქციაზე, რომელიც დღეს დილით პარლამენტის წინ დადგეს. მერიის განმარტებით, ნაძვის ხის კონსტრუქცია არ არის უსაფრთხო, ვინაიდან ჯერ არ დასრულებულა მისი აწყობა.
“გაცნობებთ, რომ დედაქალაქში დაწყებული წინასაახალწლო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა ნაძვის ხის კონსტრუქცია, რომლის მონტაჟიც არ არის საბოლოოდ დასრულებული და არ არის უსაფრთხო.

მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ აღნიშნულ კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დაიწყო და სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება”, – წერია მერიის განცხადებაში.
ცნობისთვის, “თბილსერვის ჯგუფმა” ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დილით აქცია დასრულების შემდეგ დაიწყო. აქცია პარკამენტის წინ ახლაც მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან ახლაც შეკრებილი არიან მოქალაქეები. გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობაც. დემონსტრანტებმა ნაძვის ხის კონსტრუქციაზე აქციების დროს დაშავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები ჩამოკიდეს. ასევე ნაძვის ხეზე კიდია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ადგილზე შეკრებილი არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები.
შეგახსენებთ, მეთერთმეტე ღამეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება. აქციის მონაწილეტა ნაწილი ითხოვს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს საერთასორიშო გამოძიებას და ახალ არჩევნებს.