ნათია ფანჯიკიძე: რომ ვთქვა, არ ველოდი, რომ მიუსჯიდნენ და მოულოდნელობისგან რამე ახალი გრძნობა გამიჩნდა, ტყუილი იქნება

“ყველა ნორმალური ქვეყანა, ჩვენზე უკეთესი დემოგრაფიით, უფრთხილდება ახალგაზრდებს. ასეთი აბსურდული კი არა, რასაც ახლა ვუყურებთ, არამედ მაშინაც კი, თუ რეალური (არასისხლიანი) დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ წარსულში ნასამართლევი არ იყვნენ, არსებობს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეში ჩართვის პრაქტიკა, პრობაცია და სხვა მექანიზმები, რაც ახალგაზრდა ადამიანს არ მოპარავს ცხოვრების წლებს და სახელმწიფოს არ მოპარავს ახალგაზრდულ ენერგიას, რომელმაც უნდა აშენოს ქვეყნის მომავალი.
რომ ვთქვა, არ ველოდი, რომ მიუსჯიდნენ და მოულოდნელობისგან რამე ახალი გრძნობა გამიჩნდა, ტყუილი იქნება. უკვე აღარ, თორემ კარგა ხანს მქონდა გულუბრყვილო მოლოდინი, რომ ახალ წელს გამოუშვებდნენ, აღდგომას გამოუშვებდნენ, დამოუკიდებლობის დღეს გამოუშვებდნენ …. და ამით თავადაც უკეთესად შეეცდებოდნენ თავის წარმოჩენას, თუნდაც მცირე ხიდის გადებას, ოდნავ შანსს მაინც გააჩენდნენ შედარებით ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის კალაპოტის შესაქმნელად, გინდაც დიალოგის დასაწყებად, რაც ერთადერთი ზრდასრული, პასუხისმგებლიანი და გონიერი ნაბიჯი იქნებოდა მათთვისაც (გრძელ ვადაში) და ზოგადად ქვეყნისთვის.
პარანოიალურ რეალობაში ვართ. იდუმალი დიფ სთეითიდან დაწყებული, უბრალოდ სტუდენტით დამთავრებული, საფრთხის განცდას და სიძულვილის გრძნობას უჩენს ქ/ოცნების წევრებს. უფრო და უფრო გაფართოებული ეჭვის და შიშის თვალებით იყურებიან და ამ კონსპირაციებზე დაყრდნობით აგებენ “სამართალსაც”, ამტკიცებენ გროტესკულ კანონებსაც და მოქმედებენ ქვეყნის (საკუთარი შვილების მომავლისთვისაც) საზიანოდ,” – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.