ნათია მეზვრიშვილი: თუ ეს მოხდება, რისხვა შეგიძლიათ მხოლოდ „ოცნებისკენ“ მიმართოთ

“თავის დროზე ვიზა ლიბერალიზაცია მივიღეთ ხელისუფლების მიერ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიის მიმართულებით რეფორმების გატარების გამო. არანაირი დიფ სთეითი და გლობალური ომის პარტია არ იყო ამაში ჩართული. საჯარო მოხელეებმა ეს ყველაზე კარგად იციან. ამისთვის ვასწორებდით დღეს და ღამეს. დღეს თუ უვიზო მიმოსვლას გაგვიუქმებენ, იქნება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომელმაც სრულად გააჩერა მომავალი რეფორმები და მის მიერ წარსულში გატარებული რეფორმებიც უკან წაიღო. ანუ, ესეც არანაირი დიფ სთეითის და გლობალური ომის პარტიის მხრიდან შანტაჟის ბრალი არ იქნება.
უვიზო მიმოსვლის გაუქმება ნიშნავს ათასობით ქართველისთვის ვიზების დაუსრულებელ რიგში დგომას, სოლიდური სავიზო მოსაკრებლების გადახდას, დასაქმების და ხელფასის ცნობის აღებას (რასაც ყველა ვერ იღებს იმიტომ, რომ თვითდასაქმებულია ან უმუშევარი), მგზავრობის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას, რაც ყოველთვის უდიდეს რესურსთან იყო დაკავშირებული და ა.შ. ანუ, უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის ნიშნავს პრაქტიკულად ევროპაში სიარულის აკრძალვას იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ ვერ დააკმაყოფილებენ ვიზის აღების უზარმაზარ ბიუროკრატიულ მოთხოვნებს. ეს არის უდიდესი ტვირთი ქართველი სტუდენტებისთვის, მათი ოჯახებისთვის და ევროპაში დროებით დასაქმებულებისთვის. უვიზოს გაუქმება თანაბრად შეეხება მათ შორის „ოცნების“ ამომრჩეველს.
რა თქმა უნდა, მე ამ გადაწყვეტილება მხარს არ ვუჭერ და არც არასოდეს ვუჭერდი. თუ ეს მოხდება, რისხვა შეგიძლიათ მხოლოდ „ოცნებისკენ“ მიმართოთ,” – წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.