მცირე პროგრესი იგრძნობა – ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა

მოგეხსენებათ, 8 ივლისს ქართველებისთვის უეფას ეგიდით გამართული ევროთასების ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლა დაიწყო. ეს მიზანი ბევრად შორეულია, თუმცა, ჩვენი კლუბები მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ რაც შეიძლება შორს გავიდნენ, რათა კოეფიციენტების მხრივ ევროპის ყველაზე უარეს 5 ჩემპიონატში არ მოვხვდეთ და მომდევნო წლებში ევროპულ სარბიელზე საქართველოდან ერთით ნაკლები კლუბი არ გამოვიდეს…
ჯერჯერობით, მთლად უიმედოდ არ ვართ, თუმცა, მოდით, თვალი გადავავლოთ ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის პერიპეტიებს და საბოლოო დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდვია…
იბერია 1999 2-6 მალმიო (1-3; 1-3)
ცხადია, რომ კენჭისყრაში არ გაგვიმართლა: განუთესავები ვიყავით და ყველაზე რთული მეტოქე, თან, შესარჩევის პირველ რაუნდში მყოფ ქვეყნებს შორის ყველაზე საფეხბურთო ქვეყნიდან ჩვენ შეგვხვდა, მაგრამ, უკეთ თამაში და შესაბამისად, უკეთ მარცხიც შეიძლებოდა…
დამარცხდი?! უკეთ დამარცხდი…
„იბერია 1999“ ეროვნული ლიგის უპირობო და დაუმარცხებელი ლიდერია, მაგრამ გუნდიდან შესარჩევამდე რამდენიმე დღით ადრე ოთარ მამაგეიშვილისა და განმეორებით თამაშამდე – ივა გელაშვილის, აგრეთვე, წინა სეზონში შოთა ნონიკაშვილის, ხოლო, სეზონის ბოლოს, გიორგი კოხრეიძის წასვლა გუნდს აშკარად დაეტყო. ბოლო პერიოდში კი საქართველოს სუპერთასზეც „იბერიამ“ ორი მატჩი წააგო და აშკარად, ფორმიდან ამოვარდნილს უფრო ჰგავდა.
გიორგი მაკარიძის წყალობით ეს მარცხი ნაკლებად მტკინვეული გამოდგა, მაგრამ, შეუძლებელია, არ აღინიშნოს, თუ როგორ თამამად ათამაშებდნენ შვედეთის ჩემპიონი გუნდის წევრები ბურთს ჩვენს საჯარიმოში! თითქოს, ვარჯიშზე ყოფილიყვნენ. თან, მალმიო არ არის თუნდაც, ჩვენთვის დაუმარცხებელი გუნდი და ეს განმეორებითი მატჩის პირველი ნახევრიდანაც გამოჩნდა, სადაც მეტოქის 45-წუთიანი უსახურობის ფონზე საკუთარი შანსების სასარგებლოდ გამოყენება აუცილებლად გვმართებდა.
„იბერიას“ ახალმა შენაძენებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, კერძოდ, კოტ’დ-ივუარელმა არმელ ჟუნიორ ზოჰოურიმ და სერბმა ანეს რუშევიჩმა. ზოჰოური მარჯვენა ფლანგზე საკმაოდ სწრაფია და შეტევაში – კარგი დამხმარე, თუმცა, გამოჩნდა, რომ პასზე ბევრი სამუშაო აქვს. რაც შეეხება რუშევიჩს, ის „მიხეილ მესხზე“ შეცვლაზე კარგად შემოვიდა და ბარე ორი გოლი შექმნა, რომ არა ვიდეო რეფერი… სერბს მნიშვნელოვან დროს შეხვედრის თავის თავზე აღებაც აშკარად შეუძლია, რაც „ლევადიასთან“ ძალიან დაგვეხმარება.
და მთავარი, რაც არ მომეწონა, გამუდმებული უხეშობა იყო: როდესაც 2-6-ს აგებ, ასეთი უხეში თამაში და ყოველ მეორე წუთის სახიფათო ვარდნის განხორციელება საჭირო არაა და დარწმუნებული ვარ, ლევან კორღალიძე ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელებს აუცილებლად დაელაპარაკებოდა. თან, ესტონურ კლუბთან პირველ თამი გიზი მამაგეიშვილი არ გვეყოლება, რაც დიდი დანაკლისია.
თუ გუნდი სიღრმისეულად გაანალიზებს შეცდომებს, დაცვაში მედგრად დადგება და შეტევაშიც უფრო ფეთქებადი და სახიფათო გახდება, შედეგი აუცილებლად მოვა – ეგებ, საქართველოს ჩემპიონმა კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს უწიოს, რაც შეუძლებელ მისიად სულაც არ გამოიყურება…
ტორპედო 5-3 ორდაბასი (4-3; 1-1)
ქუთაისელებს შესარჩევის წინ ბევრი კრიტიკა ხვდათ წილად: გუნდში არაერთო საკვანძო ფეხბურთელი მოიყვანეს, ტრანსფერებში საკმაო რაოდენობის ფული დაიხარჯა და ჩამოყვანილი უცხოელებიც, ერთი შეხედვით, საიმედონი იყვნენ, „ტორპედო“ კი ურესურსო გუნდი, ბევრი ქართული კლუბებისგან განსხვავებით, სულაც არაა… მაგრამ „ტორპედომ“ სეზონი ლამის გასავარდნ ზონაში დაიწყო და ფორმაში ჩადგომას დიდი ხანი დასჭირდა. აი, „ორდაბასთან“ დაპირისპირებამ კი ქომაგს ეს ტკივილი მოუშუშა და რაც უფრო კარგია, ვხედავთ, რომ გუნდი პროგრესირებს!
რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე შეხვედრის პირველ წუთებში ტორპედო, ასე რომ ვთქვათ, დაცვაში „ჩაჯდა“. რამდენიმე შეცდომაც დავუშვით, მაგრამ, კონტრშეტევაზე წასვლა შევძელით და პირესის პასით იონსენმა ანგარიში გახსნა. მერე კი, სამწუხაროდ, ყაზახებმა ცივი შხაპი გადაგვასხეს და ორი გოლი გაგვიტანეს. მათ შორის, გაგვიტანა ქართველმა ლუკა იმნაძემ, რამაც ზოგ გულშემატკივარს ნერვებიც მოუშალა.
თუმცა, გუნდი გონს დროულად მოეგო და პირველი ტაიმის ბოლოს კლუბში ახლადმოსული ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ ჩაწოდებული კუთხურიდან დებიუტანტმა ხორვატმა იოსეფ სიმიჩმა გაიტანა. შესვენებაზე ტაბლოზე ყაიმი დაფიქსირდა, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტი პირველისას ჰგავდა… დაცვის უყურადღებობით გოლიც გავუშვით, რის შემდეგაც დირკ შუსტერმა გიორგი კოხრეიძისა და პაატა ღუდუშაურის მოედანზე შემოყვანით შეტევითი პოტენციალი გააძლიერა.
ამან შედეგი გამოიღო და „ტორპედომ“ მატჩის ბოლო 20 წუთი არნახულად ითამაშა. ღუდუშაური წინ ძალიან პროდუქტიული გახდა, ხოლო პირესი-იონსენის დუო – ლამის შეუჩერებელი. ანგარიში სწორედ მათი გათამაშების შემდგომ გათანაბრდა. ნელ-ნელა ქუთაისურმა კლუბმა თამაში დაცვით ასპექტშიც გამოასწორა. მარჯვენა მცველი ვარლეი ძალიან საიმედო იყო. ბოლო წუთზე კი პირველი ტაიმის სცენარი განმეორდა, რამაც გამარჯვება და განმეორებითი შეხვედრის წინ დადებითი განწყობა მოგვიტანა.
შიმკენტში „ტორპედომ“ პირველი 45 წუთი ლამის იდეალურად ჩაატარა – მცველებმა არაერთი ბურთი მოიგერიეს, ოთო გოშაძემ კი ორი მნიშვნელოვანი სეივი გააკეთა. რაც მთავარია, მე-13 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა ბურთი დიაგონალზე წაიღო და შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა! ეს ულამაზესი გოლი იყო და იმ იშვიათ მომენტთაგანი, როდესაც ქართული კლუბის ფეხბურთელმა გუნდის თამაში, ან, კონკრეტული მომენტი თავის თავზე შედეგიანად აიღო.
სამწუხაროდ, მეორე ტაიმის საწყის წუთებში მსაჯმა საკამათო ეპიზოდში კვირკველიას მეორე ყვითელი ბარათი მისცა. მიუხედავად ამისა, 10 კაცით „ტორპედომ“ ლამის ყველა ეპიზოდში, ყველა დაკარგულ ბურთზე თავგამოდებით იბრძოლა და თავი შესანიშნავად დაიცვა: იყო არაერთი მომენტი, როცა გაგვიმართლა და მასპინძლებმა თავისი შანსი ვერ გამოიყენეს, იყო ოთო გოშაძის მაგარი მოგერიებები, თუმცა, საბოლოო ჯამში, დაცვამ დამაჯერებლად ითამაშა. ნიქოზიის „ომონია“ ბევრად ძლიერი მეტოქე იქნება შემდეგ ეტაპზე და იმედია, უკანა ხაზი, ისევე, როგორც, მთლიანად გუნდი, ასეთივე სუფთად ითამაშებს.
დილა 3-1 რასინგი (2-1; 1-0)
გორის „დილამ“, წინა ორი კლუბისგან განსხვავებით, ლუქსემბურგის „რასინგთან“ გამარჯვების მოპოვება ზედმეტი ექსცესების გარეშე შეძლო. მართალია, პირველ შეხვედრაში ისინი აგებდნენ, მაგრამ იტალიელი დიეგო ლონგოს თავკაცობით გამოსულმა გუნდმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილისა და განელი სირილ ედუძის გატანილი გოლებით გაშვებული გოლიდან 26 წუთში წინ გასვლა და თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა მოახერხა.
მეორე შეხვედრაში კი პირველივე ნახევარში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე ლუქსემბურგელთ ფრანგი მეკარე რომან რუფიე გაუძევეს, ხოლო მატჩის ერთადერთი გოლი 90+1 წუთზე სენეგალელმა იბრაჰიმა დრამემ მიითვალა, რითაც ოთხივე ქართულმა კლუბმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში თამაშის უფლება საბოლოოდ გაინაღდა.
დილა, როგორც წესი, ევროთასების შესარჩევებზე კარგად ასპარეზობს, შორსაც გადის და თავს არასდროს ირცხვენს. ამ საუკუნეში რამდენჯერმე ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეღწევამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ და ვიმედოვნებთ, რომ ლატვიის ჩემპიონობისთვის აქტიურად მებრძოლ „რიგასთან“ არაფერს დათმობენ!
წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს კლუბებს ევროსარბიელზე! ერთი გამარჯვება გვაშორებს, რათა უეფას საკლუბო ჩემპიონატების რეიტინგში ფსკერიდან ოდნავ მაინც წავიწიოთ წინ…
“ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით” – რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
“იბერია 1999”-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა. V ტური. “სამგურალი” – “იბერია 1999” [LIVE]
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს – UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
გელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
[VIDEO] “იბერია 1999” “მალმიოსთან” ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
ყოჩაღ – “დილამაც” შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
“დილამ” “რასინგს” ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე “რიგას” შეხვდება
“იბერია 1999”-მა და “დილამ” მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი – “იბერია 1999” სახლში “მალმიოსთან” 1:3 დამარცხდა