მეცნიერთა განცხადებით, გასულ ათწლეულში მსოფლიოს მყინვარების დნობა მნიშვნელოვნად აჩქარდა. ისინი შიშობენ, რომ მომდევნო წლებში დნობა შეიძლება მოსალოდნელზე ჩქარი იყოს, რაც ზღვის დონის აწევას გამოიწვევს.
მყინვარები მნიშვნელოვანი კლიმატური რეგულატორები და მილიარდობით ადამიანისთვის მტკნარი წყლის რესურსია. მსოფლიოს დათბობასთან ერთად, ისინიც დნებიან.
გლობალურ შეფასებაში, რომელიც ამ სახის პირველი შეფასება იყო, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ გასულ ათწლეულში დნობა მკვეთრად არის მომატებული, 2012 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში დაიკარგა დაახლოებით 36 პროცენტით მეტი ყინული, ვიდრე 2000-2011 წლებში.
წელიწადში საშუალოდ 273 მილიარდი ტონა ყინული იკარგება. მკვლევართა განცხადებით, ეს წყალი მსოფლიო მოსახლეობას 30 წლის განმავლობაში ეყოფოდა.
კვლევის თანაავტორის, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორის, მაიკლ ზემპის განცხადებით, შედეგები შოკისმომგვრელია და ამის მიზეზი ძირითადად არის კაცობრიობის საქმიანობის შედეგად სათბურის აირების გამოყოფა.
საერთო ჯამში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 21-ე საუკუნის დამდეგიდან დღემდე, მსოფლიოს მყინვარებმა მოცულობის დაახლოებით ხუთი პროცენტი დაკარგა. დიდია რეგიონული სხვაობები, რაც მერყეობს ანტარქტიდაზე ორ-პროცენტიანი დანაკარგიდან ევროპის ალპებში 40-პროცენტიან დანაკარგამდე.
ზემპის განცხადებით, პატარა მყინვარების მქონე რეგიონები მათ უფრო სწრაფად კარგავენ და მრავალი მათგანი ამ საუკუნეს ვერ გადაურჩება.
კვლევა მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის სერვისმა (WGMS) და ედინბურგის უნივერსიტეტის ჯგუფმა ჩაატარეს და მისი მიზანი იყო, საველე და თანამგზავრული მონაცემების შეჯერებით შეექმნათ „საცნობარო შეფასება” ყინულის დნობის მონიტორინგისთვის.
როგორც ზემპი აღნიშნავს, ჯგუფის დაკვირვებები და ახალი მოდელირებული კვლევები მიუთითებს, რომ ამ საუკუნეში მყინვართა დნობა უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე გაეროს ბოლო შეფასება პროგნოზირებს.
„შესაბამისად, ვდგავართ საუკუნის ბოლოს ზღვის დონის უფრო მაღლა აწევის წინაშე. მყინვარების დაკარგვა გავლენას იქონიებს მტკნარი წყლით მომარაგებაზე, განსაკუთრებით ცენტრალურ აზიასა და ცენტრალურ ანდებში“, — აღნიშნავს ზემპი.
ვრცლად პირველ არხზე
