მსახიობ თაკი მუმლაძის თქმით, კინოცენტრმა პოლიტიკური ნიშნით არ გაუშვა საერთაშორისო პროგრამაში

მსახიობი და სცენარისტი აცხადებს, რომ საერთაშორისო პროგრამაში — “ევროპის ამომავალი ვარსკვლავი” (EUROPEAN SHOOTING STARS) — მონაწილეობა მისი პოლიტიკური პოზიციების გამო არ მიეცა. ეროვნულმა კინოცენტრმა 2024 წელს კონკურსში საქართველოს სახელით მსახიობი სალომე დემურია წარადგინა.
“ევროპის ამომავალი ვარსკვლავი” არის პროგრამა, რომელიც ყოველწლიურად, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ტარდება. მისი მიზანია ახალგაზრდა ევროპელი მსახიობების აღმოჩენა და მხარდაჭერა. აქამდე, საქართველოდან პროგრამაში მონაწილეობა მიღებული აქვთ ირაკლი კვირიკაძესა და ლევან გელბახიანს.
თაკი მამულაძე წერს, რომ პროგრამში მონაწილეობის შესაძლებლობა თავდაპირველად 2023 წელს გაუჩნდა. თუმცა, იმ დროისთვის პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები მიღებული არ ჰქონდა, რამაც, მამულაძის ინფორმაციით, პროგრამაში ქართველი მსახიობის მონაწილეობა შეაფერხა. მოგვიანებით, მას შესაძლებლობა გამოუჩნდა პროგრამაში მონაწილეობა 2024 წელს მიეღო.
“კანონის მიხედვით, ჩვენს ფილმს, რომელიც 2022-23 წლებშია შექმნილი – 2024 წელს აღარ შეეძლო მონაწილეობა Shooting Stars-ის პროგრამაში. თუმცა, პროცესში კოლეგების მუდმივი ჩართულობით,ნინო კირთაძე — ევრიმაჟში საქართველოს მაშინდელი წარმომადგენელი — კანის ფესტივალის დროს გამართულ შეხვედრაზე გამოვიდა სიტყვით და ამ პროგრამის მესვეურებს სთხოვა გამონაკლისი დაეშვათ და კიდევ ერთხელ დაერთოთ ჩემთვის მონაწილეობის უფლება. და ეს უდიდესი შანსი მართლაც მომეცა მეორედ, ჩაითვალა, რომ ბიუროკრატიული თუ პროცედურული ლაბირინთების გამო ეს შესაძლებლობა არ უნდა დამეკარგა – და გამონაკლისი დაუშვეს”, — წერს მუმლაძე.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მსახიობს საქართველოს ეროვნული კონოცენტრის ოფიციალური წარდგენა სჭირდება. მუმლაძე ამბობს, რომ კინოცენტრს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღია. საბოლოოდ, კინოცენტრმა კონკურსზე სხვა მსახიობი წარადგინა. როგორც უკვე ვახსენეთ, მუმლაძე ამას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.
“პარალელურად, კინოცენტრის გარშემო ვითარდებოდა დაძაბული პროცესები, დაიწყო ბოიკოტი – დირექტორის დანიშვნის წესის, კინოცენტრში ხელისუფლების პროპაგანდისტი ფიგურების დანიშვნის, კინოს და, ზოგადად, ხელოვნების მიმართ ცენზურის სიგნალების გახშირების, თუ “აგენტების” შესახებ მართალია ვერმიღებული, მაგრამ უაღრესად მავნებლური კანონის გამოძახილის გამო. ამ აქციებში და შეხვედრებში მეც აქტიურად ვმონაწილეობდი. ამდენად, მეც ვარ პროტესტის გამომხატველ კინემატოგრაფისტების ჯგუფში, რომლებსაც კულტურის მინისტრი “პუდელებად” და “ტაკიმასხარებად” მოიხსენიებს ხოლმე. ორი დღის წინ გავიგე, რომ ჩვენი ორწლიანი ბრძოლა და ოცნება დასრულდა – Shooting Stars-ზე კინოცენტრმა სხვა მსახიობი, სალომე დემურია წარადგინა. სალომეს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს ამ საოცარ და პერსპექტიულ გზაზე. თუმცა ამ კანდიდატის წარდგენა კინოცენტრს თავისუფლად შეეძლო მომავალ წელსაც, რადგან იმ ფილმის პრემიერა, რომელშიც სალომე თამაშობს, ჯერ არც კი გამართულა. მე კი ჩემამდე დიდი ძალისხმევისა და გამონაკლისის დაშვებით მოსული ეს შესაძლებლობა დავკარგე — როგორც იურისტები კვლავ იტყოდნენ, “გონივრული ეჭვით” ჩემი პოლიტიკური პოზიციისა თუ აქტივიზმის გამო”, — წერს მუმლაძე ფეისბუკზე.
მოგვიანებით, ორგანიზაცია „საქართველოს კინოინსტიტუტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თაკი მამულაძე ბერლინის კინოფესტივალზე მათი ხელშეწყობით გაემგზავრება. კინოინსტიტუტი არის იმ ხელოვანების გაერთიანება, რომლებიც კულტურის მინისტრის, ს მიერ ეროვნულ კინოცენტრთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ.
“თაკი მუმლაძემ შეძლო გაერღვია ბარიერები და დაემტკიცებინა, რომ ახალგაზრდა მსახიობ ქალს აქვს ძალა, თავად შექმნას კინოსამყარო და იყოს ამ სამყაროს შეუცვლელი კინოსახე. და რამდენად მტკივნეული უნდა იყოს ის, რომ სახელმწიფო მას ამ სრულიად შიშველი ხელებით მოპოვებულ შესაძლებლობას, წარსდგეს საერთაშორისო პუბლიკის წინაშე, ართმევს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანი საკუთარ აზრს გამოხატავს”, – ვკითხულობთ კინოინსტიტუტის განცხადებაში.
თაკი მუმლაძე თამაშობს იოსებ ბლიაძის ფილმში „ჩემი ოთახი“. ფილმმა და თავად მსახიობმაც არაერთი ჯილდო მიიღო.
“ნეტგაზეთი” ცნდილობს ეროვნულ კინოცენტრთან დაკავშირებას. მათგან პასუხების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ამავე თემაზე:
· კინემატოგრაფისტები კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებენ
· “რეორგანიზაცია ადრე უნდა დაგვეწყო” — წულუკიანი კინოცენტრზე და პასუხი ყოფილი თანამშრომლისგან
· ქართველმა მსახიობებმა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე ქალის მთავარი ჯილდო მიიღეს [ფოტოები]
· „ჩემი ოთახი” — ზღვრის გადალახვა სიყვარულით

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი პრემიერს – მეგობრებს დებატებში არ იწვევენ – ხვალ არის კანონპროექტის განხილვა კომიტეტზე და მოდი, განვიხილოთ, თუ გინდა გარეთ მყოფ ხალხს გაესაუბრე, თუ გინდა შიგნით შემოდი, დაგელოდებით

პრემიერი – გაგებით ვერ მოვეკიდებით ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ