მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვა

პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა.
ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გამო იმყოფება პატიმრობაში. კალაძის საარჩევნო ბანერზე მან წარწერა “რუსული ოცნება” 14 სექტემბერს მას შემდეგ დატოვა, რაც იმავე ქმედებისთვის მანამდე სისხლის სამართლის წესით 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე დააკავეს.
პროკურატურის განცხადებით, ელენე ხოშტარიას მიერ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებამ 570 ლარის ზიანი გამოიწვია.
ხოშტარია კალაძის ბანერის დაზიანების ბანერით 15 სექტემბერს დააკავეს. ის უარს აცხადებს როგორც გირაოს გადახდაზე, ასევე პროცესში მონაწილეობაზე, შესაბამისად არც სასამართლოს სხდომებს ესწრება და უარს ამბობს ადვოკატის ყოლაზეც.
ელენე ხოშტარია არც დღეს, 3 ნოემბერს, ჩატარებულ სასამართლო სხდომას დასწრებია. „დროას“ ცნობით, სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა სახაზინო ადვოკატმა ელენე მაღლაკელიძემ დღევანდელ სხდომაზე თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან ელენე ხოშტარია უარს ამბობს პროცესში მონაწილეობაზე, მათ შორის ადვოკატის მეშვეობით. მათი ცნობით, სახაზინო ადვოკატის შუამდგომლობას არ დაეთანხმა პროკურორი მარიამ წულაია. ადვოკატის შუამდგომლობა არ გაიზიარა არც მოსამართლე ნატო ხუჯაძემ.
რაც შეეხება კახა კალაძის საარჩევნო ბანერს, რომლის დაზიანების ბრალდებითაც ელენე ხოშტარია ციხეში ზის, ის 6 ოქტომბერს ჩამოხსნეს.
ელენე ხოშტარიას შემდეგი სასამართლო სხდომა 17 ნოემბერსაა ჩანიშნული.