მომდევნო თვეებში სურსათზე ფასები სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება და ინფლაციაც მოიმატებს – ნიკა შენგელია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 13.6 პროცენტით აღემატება. ,,კომერსანტი“ დაინტერესდა რას ნიშნავს ეს მაჩვენებელი და რაზე მიუთითებს ზრდის აღნიშნული ტემპი. საკითხზე ეკონომისტს ნიკა შენგელიას ვესაუბრეთ. ის ამბობს, რომ ეს ზრდის ძალიან დიდი მაჩვენებელია, რაც საქართველოს ევროპის რეგიონის ქვეყნებში გამოარჩევს. თუმცა ეკონომისტი აცხადებს, რომ ფიცრები რეალურ ცხოვრებაზე არ ასახულა.
,,ზოგადად, წინასწარი მაჩვენებლები დაკორექტირდება ხოლმე, მაგრამ ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალია. რამდენადაც ვიცი, ამ დროის მონაცემებით ასეთი მაჩვენებელი ევროპის არც ერთ ქვეყანას არ აქვს. ციფრებში ჩვენი ეკონომიკა აყვავებულია, მაგრამ რეალობაში ამას ვერ ვიტყვი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა რამით ოდნავ გამოსწორდა. პირიქით ხდება. ეს ცოტა ნონსენსია, რომ ქვეყანას ამხელა ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს და მისი მცხოვრებლები გადიოდნენ საზღვარგარეთ და სამუშაოს ეძებდნენ, ფასები იყოს ასეთი მაღალი.’’- აცხადებს ნიკა შენგელია.
ეკონომისტს ვკითხეთ, რამ იქონია გავლენა მშპ-ს ზრდაზე. ნიკა შენგელია განმარტავს, რომ 13,6%-იანი მატება გაზრდილმა ექსპორტმა, რეექსპორტმა და მომატებულმა ფასებმა განაპირობეს. მისივე განცხადებით, საქართველოში დღეს როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე რეგიონში ყველაზე მაღალი ფასები ფიქსირდება. ეკონომისტი მოელის, რომ მსოფლიოში გაურკვეველი ეკონომიკური ვითარება საქართველოზე უარყოფით გავლენას მოახდენს, რაც ფასების მატებას გამოიწვევს.
,,ამ მაჩვენებელზე რა თქმა უნდა გავლენა მოახდინა გაზრდილმა ექსპორტმა, რეექსპორტმა, რომელიც ფაქტობრივად ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში შედის. გავლენა მოახდინა გაზრდილმა ფასებმა, რომელიც საბოლოო ღირებულებაში აისახება მშპ-ში. ჩვენთან თუ კიდევ ასე გაგრძელდება ფასების ზრდა, შემდგომი მაჩვენებლებიც 2025 წლის ძალიან შთამბეჭდავი იქნება, მაგრამ რეგიონში ჩვენ ყველაზე მაღალი ფასები გვაქვს ყველა პროდუქტზე. ეს ეხება როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივი წარმოების პროდუქციას. გვაქვს ძალიან მაღალი ფასები და მისი შემცირების პერსპექტივებიც მომავალში ჯერჯერობით არ ჩანს. მაშინ როდესაც, მსოფლიოში ეკონომიკური სიტუაციის გაურკვევლობის ხარისხი ძალიან მაღალია. 6 თვის შემდეგ ეს ზეწოლა აისახება საქართველოზეც. ჩვენს მსოფლიო ეკონომიკის შემადგენელი ჯაჭვი ვართ. ეს ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს ფასებზე. მიუხედავად იმისა, რომ მოდის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი, ვფიქრობ, რომ ფასები არ იქნება ისეთი, როგორიც იყო შარშან. თუ არ გაიზრდება, არც შემცირდება.’’- აცხადებს ნიკა შენგელია.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წელს 3.8 პროცენტით განისაზღვრა. ნიკა შენგელია აცხადებს, რომ ეს შემცირებული მაჩვენებელია და ადგილობრივი წარმოების საქონელსა და მომსახურებაზე რეალურად ფასები 15%-ით არის გაზრდილი. ის ფასების მატებას უახლესი 2-3 თვის განმავლობაშიც პროგნოზირებს.
,,ეს შემცირებულად მეჩვენება. ადგილობრივ პროდუქციაზეც მაღალი ფასებია. სადღაც 15%-მდე იქნება ფასნამატები. თუ ვგულისხმობთ სურსათის ადგილობრივ წარმოებას, ამ მხრივ ჩვენ არ გვაქვს მრავალფეროვნება. მე ველოდები, რომ მომდევნო თვეებში ფასები გაიზრდება. იმიტომ, რომ ადგილობრივი წარმოების ინდექსი გამოაქვეყნა საქსტატმა და ის იყო აწეული. ეს იმის წინაპირობაა, რომ 2-3 თვის შემდეგ ეს აისახება საცალო ფასებზე და ინფლაცია ცოტა მოიმატებს.’’- აცხადებს ნიკა შენგელია.
