“მოგზაურობა აუცილებლად გაძვირდება”, – ამის შესახებ PEGAS Touristik Georgia და PEGAS Touristik Azerbaijan-ის ხელმძღვანელმა, სალომე ბერაიამ BMGTV-ს ეთერში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-იანი ვარდნა ფიქსირდება, რაც მისივე ცნობით, ერთ და ორ თვეში ვერ შეიცვლება.
„იმდენად აპრობირებული გახდა ნაადრევი ჯავშნების კონცეფცია ქართველი მომხმარებლებისთვის, რომ შარშან, ჩვენ ამ დროს, ზაფხულის რეისების 65%-მდე ჩახურული გვქონდა. ჩვენთვის ნაადრევი ჯავშნები დეკემბერში იწყება, რადგან ამ პერიოდში შეღავათებით სარგებლობა რეალურად არის შესაძლებელი. მარტის შუა რიცხვებიდან ფასები შეიცვლება, აპრილის დასაწყისიდან კი, ფასები საწყისებს დაუბრუნდება. წელს ქართველებმა ნაადრევი ჯავშნების უპირატესობები გამოტოვეს. მოგზაურობა აუცილებლად გაძვირდება, რადგან ყოველწლიურად ძვირდება.
იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა მოთხოვნა მოიმატებს, თუმცა პროგნოზები არ გვაქვს, რაც, რა თქმა უნდა, შარშან გვქონდა. არც მოლოდინი გვაქვს, რომ ერთ და ორ თვეში სურათი საგრძნობლად შეიცვლება. მთავარია სტაბილურად მივყვეთ“, – ამბობს სალომე ბერაია.
