მიხეილ დაუშვილი – ყველა რესურს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ „ოცნებას“ ვაიძულოთ, ევროკავშირისაკენ ნაბიჯები გადადგას – ვნახოთ, რას იტყვიან, რას შემოგვთავაზებენ

ჩვენ ყველა რესურს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ „ოცნებას“ ვაიძულოთ, ევროკავშირისაკენ ნაბიჯები გადადგას – ვნახოთ, რას იტყვიან, რას შემოგვთავაზებენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დაუშვილის თქმით, მისი პარტია 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით დაანონსებულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. როგორც ის აღნიშნავს, მოწვევა უკვე მიიღო.
„ჩვენ აბსოლუტურად ყველა ფორმატში ვმონაწილეობდით ყოველთვის და ყველა რესურსს ვიყენებდით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელი შეგვეწყო. ახლა იგივეს ვაპირებთ იმისათვის, რომ ჩვენ გადავიდეთ მოლაპარაკებების ეტაპზე. ამიტომ ყველა რესურს გამოვიყენებთ ჩვენ, ამიტომ აქაც მოვიღებთ მონაწილეობას. ვნახოთ რას იტყვიან, ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ, იქნება თუ არა რაიმე საქმიანი და რეალური. თუმცა ჩვენ ყველა რესურს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ „ოცნებას“ ვაიძულოთ გადადგას ნაბიჯები ევროკავშირისაკენ“, – აღნიშნა დაუშვილმა.