„მე ვთვლი და ვიცი ზუსტად, რომ ფერმერებმა ციტრუსის მოსავლის რეალიზება შეძლეს“ – ვახტანგი ბეჟიტაშვილი

„მე ვთვლი და ვიცი ზუსტად, რომ ფერმერებმა მოსავლის რეალიზება შეძლეს“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, წელს ციტრუსის მოსავალი კარგი იყო და ფასიც მაღალი ჰქონდა.
„წელს ციტრუსის მოსავალი იყო კარგი. მთლად სუპერ ხარისხი არა, მაგრამ ხარისხი მისაღები იყო. სეზონის დასაწყისი იყო საუკეთესო. გამომდინარე იქიდან, რომ შტორმები იყო და თურქეთის მანდარინის საზღვაო გადაზიდვა ვერ მოხდა, ჩვენი კონკურენტები ბაზარზე ვერ შევიდნენ და ჩვენს მანდარინზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ფაქტობრივად, ახალ წლამდე ისეთი მუშაობა იყო ციტრუსის სეზონზე, რომ არნახული და ფასიც ძალიან მაღალი – ლარზე მეტი იყო ფასი, ლარს და ოცს და ლარნახევარსაც ამბობდნენ. ასეთ მაღალი ფასი ციტრუსზე წლებია არ ყოფილა. თუმცა, მერე ბაზრის დასტაბილურება მოხდა. დღესაც მიდის მუშაობა. ჩვენი კომპანია დღესაც მუშაობს. ყოველდღე ვტვირთავთ მანქანებს. არანაირი შეფერხება არ არის“, – აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.
სეზონზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ლარსის გამშვებ პუნქტზე მოძრაობა რამდენჯერმე პარალიზებული იყო, რამაც საექსპორტო მიწოდებაც გაართულა. ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ უამინდობის გამო ლარსი მხოლოდ 2-ჯერ დაიკეტა და ამას ციტრუსის რეალიზაციისთვის დიდად ხელი არ შეუშლია, რადგან იმ დროისთვის დიდი ნაწილი უკვე გატანილი იყო ექსპორტზე.
„ახალ წლის ბოლო დღეებში უამინდობის გამო იყო დაკეტილი ლარსი. მაგ დროს მანდარინის დიდი ნაწილი უკვე გატანილი იყო და რამდენიმე მანქანა იყო ჩარჩენილი, 10-15 ზუსტად ვერ გეტყვით. ახლა დაიკეტა კიდევ, 4 დღის წინ და ახლა მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე გაიხსნა გზა“, – აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.
მისი თქმით, ფერმერებმა მოსავლის რეალიზაცია შეძლეს და სეზონი თებერვლის ბოლომდე ჯერ კიდევ წინაა.
„მე ვთვლი და ვიცი ზუსტად, რომ ფერმერებმა მოსავლის რეალიზება შეძლებს და ჯერ კიდევ არის სეზონი იანვარში, თებერვლის ბოლომდე. მანდარინზე მოთხოვნა არსებობს და მიდის გადაზიდვები. ფასს რაც შეეხება, კერძო პიროვნება ფასს ვერ არეგულირებს და ვერც მთავრობის წარმომადგენელი. ამას არეგულირებს ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდება. როგორი მოთხოვნაც იქნება, ისეთი იქნება მიწოდება და რა ფასშიც მოითხოვენ, იმ ფასში უნდა მიაწოდო. ეს არის თავისუფალი ბაზრის ოქროს წესი და ასე მოქმედებს ჩვენი ციტრუსის შემთხვევაშიც. ადრე, დაკეტილი რომ იყო ს ბაზარი, მარტო ჩვენ შევდიოდით, ახლა მოგვიწევს კონკურენციის პირობებთან შეგუება და ისეთი ფასების დადება, როგორი ფასებიც ექნება საერთაშორისო ბაზარს. ამ ეტაპზე ჩვენი საექსპორტო ბაზარი მხოლოდ რუსეთი და ყაზახეთია“, – აცხადებს ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი.
რაც შეეხება მეორეხარისხოვან მანდარინს, რომელიც გადამმუშავებელი მრეწველობისთვის გამოიყენება, მისი თქმით, „აჭარაში ასეთი ციტრუსის გადამმუშავებელი ერთი დიდი ქარხანა მუშაობს, რომელიც წლების განმავლობაში იბარებდა და ახლაც იბარებს ციტრუსს და სახელმწიფო სუბსიდიას უკეთებს, რომ ქარხანა არ გაჩერდეს.“