“მერი იტყუება… ვაპირებთ დალაპარაკებას” – “კრიპტო ბაზრის” დირექტორი სვანეთში მაინინგის პრობლემაზე

„კრიპტო ბაზრის“ დირექტორი ავთანდილ კუჭავა აცხადებს, რომ მესტიის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მესტიასა და ხაიშში მაინინგი ბოლო პერიოდში გააქტიურდა, ტყუილია.
ცნობისთვის, 12 ნოემბერს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება, რის გამოც ტრანსფორმატორი გათიშულია. მერიაში აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან და მაინერების მფლობელებს მოუწოდებენ, გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები.
თავის მხრივ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ ეს არ არის ავარიული გამორთვა და გაზრდილმა ტვირთებმა გამოიწვია. სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ BM.GE-სთან აღნიშნეს, რომ ქვესადგურის მოხმარება მაქსიმალურ ნიშნულზეა და მოწყობილობა ითიშება, რადგან ტექნიკურად მეტს ვერ უძლებს.
ავთანდილ კუჭავამ სვანეთის რეგიონისთვის გამოწვევად ქცეულ საკითხზე გადაცემა „საქმიან საღამოში“ ისაუბრა. ის ამბობს, რომ ადგილობრივებთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს და მცირე მაინერები მერის განცხადებას ბაზრიდან მათი გაგდების მცდელობად აფასებენ. კუჭავა იმასაც ამბობს, რომ სვანეთში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა მოძველებულია და სწორედ ეს წარმოადგენს პრობლემას და არა ის, რომ ადგილობრივები მაინინგით არიან დაკავებულები.
„ბატონი მერი იტყუება, რადგან რა განცხადებასაც ისინი აკეთებენ მხოლოდ პატარა მაინერებს ურტყამს, რომლებსაც 2-3 მაინერი შეიძლება ჰქონდეთ. რეალურად ისინი ხსნიან კონკურენტებს, რათა უფრო მეტი ელექტროენერგია მიიღო და უფრო მეტი მაინერი ჩართონ თვითონ. სვანეთთან ახლო ურთიერთობა მაქვს და ბევრთან ვსაუბრობ და ინფორმაციის ისე გავრცელება თითქოს მაინერები ახლა გააქტიურდნენ, ეს ტყუილია. მაინერები აქამდე უფრო მეტად აქტიურები იყვნენ, რადგან ჰალვინგი არ იყო და უფრო მეტად ამუშავებდნენ, ვიდრე დღეს. ასევე ისიც ტყუილია, რომ ძველი მოდელებია ჩართული და ახლებს არ რთავენო, პირიქით T21-ები და ასევე სხვა მოდელებია, რომლითაც გამომუშავებული თანხებით იქვე თემში ხარჯავენ, ანუ ყიდულობენ პროდუქციას, ქირაობენ მუშას, რომელიც კონკრეტულ ობიექტებს აშენებენ… ანუ ისინი ამ ეკოსისტემაში მონაწილეობენ და ფულსაც იხდიან. მათ შორის ჰესიდან ელექტროენერგიას რომ ყიდულობენ 10-11 თეთრს იხდიან, ამიტომ ტრანფორმატორზე რომ იყოს პრობლემა, პირდაპირი მნიშვნელობით ტყუილია, მაშინ თუ ამაზე აქვს საუბარი მერმა მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს. მერისთვის ელემენტარული პასუხისმგებლობის ნაწილია მსგავსი მანიპულაცია არ მოვახდინო ბაზარზე. მათი პრობლემაა ისიც, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი კაბელები აქვთ, ტრანსფორმატორიც უდიდესი პრობლემაა და მესტიაში ინფრასტრუქტურა არ გამოცვლილა. ამასაც მაინერებს აბრალებენ, კარგი საფრთხობელა ნახეს იმისთვის, რომ თავისი უპასუხისმგებლო საქციელები კერძო ინდუსტრიას გადააბრალონ, რომელსაც გაცილებით მეტი დოვლათი მოაქვს რეგიონისთვის, ვიდრე აქამდე მოჰქონდა“, – აცხადებს ავთანდილ კუჭავა.
„კრიპტო ბაზრის“ დირექტორი აცხადებს, რომ სვანეთის რეგიონში ეკონომიკის არც ერთი მიმართულება არ ქმნის იმდენ დოვლათს, რამდენსაც მაინინგი.
„რეგიონს ამდენ დოვლათს ვერც კარტოფილის მოყვანა მოუტანს, ვერც ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, სასტუმროს ბიზნესიც რომ ავიღოთ, იმდენ დოვლათს ვერ მოიტანს, რამდენიც მაინერებს მოაქვთ. ამიტომ მაინერების წურბელებად მონათვლა, რომლებიც ჩვენს ელექტროენერგიას ასე ხარჯავენ, ჩემი აზრით, მინიმუმ ამ განცხადების გამკეთებელს უნდა რცხვენოდეს“, – ამბობს „კრიპტო ბაზრის“ დირექტორი.
ავთანდილ კუჭავა იმასაც ამბობს, რომ სვანეთში მაინინგი ადგილობრივი მთავრობის აქტიური თანამონაწილეობით ხდება. რაც შეეხება მცირე მაინერებს, მათი მოწყობილობები იმავე მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარენ, რასაც საყოფაცხოვრებო მოწყობილობები.
„მეორე ნაწილი ის არის, რომ საერთოდ ვის სჯერა ადგილობრივი მთავრობის ჩარევის გარეშე ამუშავებენ ამხელა ელექტროენერგიას, დიდი ტრანსფორმატორი უნდა იყოს და დიდი სიმძლავრის კაბელი უნდა იყოს გაბმული და ვერ ხვდებიან მთავარი მუშაობა სად მიდის, თუ მაინერებშია პრობლემა. მაგრამ მე თუ მკითხავთ, იქ არსებული მაინერები გაცილებით მეტ ბენეფიტს იძლევიან, ქვეყნისა და ინდუსტრიისთვის ვიდრე ნებისმიერი სხვა ბიზნესი, რომლებსაც ისინი ამუშავებენ.
სხვათა შორის ადამიანებს, უბრალოდ ფაქტებისთვის თვალის გასწორება არ უყვართ. ძალიან მარტივია, ზოგადად ერთი მაინერი, რასაც მოიხმარს 3.2 კვტ-ია, თანამედროვე მაცივარი, გამათბობელი თუ გაზქურა უფრო მეტს მოიხმარს. განსაკუთრებით თუ ძველი მოდელებია, ის უფრო მეტს მოიხმარს, ვიდრე მაინერი. მაინერი თავის მოხმარებულ ელექტროენერგიას მაინც იხდის, ამიტომ ამაზე აპელირება არასწორია.
ძალიან ბევრთან მქონდა საუბარი და იმას ამბობენ, რომ სულ სხვა რამ ხდება და სხვანაირი განცხადებები კეთდება, ჩვენი გამოყრა უნდათ ბაზრიდანო. ვაპირებთ ამ საკითხზე დალაპარაკებას, დეტალურ ჩაძიებას და რიცხვებით საუბარს. სანამ ხატზე დააფიცებენ იმ ხალხს, ვისაც სახლში მაინერები საერთოდ არ აქვთ, ან 2-3 მაინერი უდგათ, ჯობია ხატზე დააფიცონ და სასამართლოში ის ხალხი წაიყვანონ, რომლებთანაც წილში არიან“, – აღნიშნა ავთანდილ კუჭავამ.