მარტში საწვავის ფასი 10-15 თეთრით შევამცირეთ. შემდგომ ცვლილებებს აპრილში უნდა ველოდოთ – Wissol

“ვისოლის” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაიაფების ფონზე, მარტის ბოლოს საწვავის ფასი 10-15 თეთრით უკვე შემცირდა.
როგორც მან “საქმიან დილასთან” ინტერვიუში განაცხადა, არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ფასის შემდგომი კორექტირება მოკლე პერიოდშია მოსალოდნელი.
“აპრილის დასაწყისიდან მყისიერი ვარდნა დაფიქსირდა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის პროდუქტების [ფასის]. მანამდე ტრენდი იყო შეიძლება ითქვას უფრო გონივრული, მცირედი ცვლილებებით, რის შედეგადაც ჩვენმა კომპანიამ 28 მარტს რეაგირება გააკეთა და ფასები 10-15 თეთრით შევამცირეთ. პირველი კლება იქიდან იყო გამოწვეული, რომ ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირება ეტაპობრივად ხდებოდა და ჩვენ მერე შიდა ბაზარზეც ავსახეთ. 2 აპრილის და შემდგომ უკვე 5 აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ნიშნულები ნავთობის ფასის უფრო მყისიერი ცვლილებაა, რაც ბუნებრივია, მიმდინარე იმპორტის პირობებში ასევე ბაზარზე აისახება. [საწვავის ფასის] ცვლილება აუცილებლად მოკლე მონაკვეთში იქიდან გამომდინარე იქნება, რის საშუალებასაც ბაზარი და თვითღირებულება მოგვცემს”, – ამბობს ვასილ ხორავა.
მისივე განცხადებით, ბაზარი კონკურენტულია და საერთაშორისო ფასების თუ გაცვლითი კურსის ცვლილება ბაზარზე შესაბამის რეაქციას იწვევს.
“25 წელია უკვე ამ ინდუსტრიაში ხელმძღვანელი პოზიცია მიკავია, ყოველდღიურ მაჯისცემას ვუყურებ და მინდა გითხრათ, რომ ბაზარი ძალიან კონკურენტუნარიანია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რეალურად, ბაზარზე ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ხდება გამოწვეული გაცვლითი კურსით თუ ნავთობის საერთაშორისო ფასით, რომელი კომპონენტებიც ყველაზე დიდი კონტრიბუტორებია საქართველოში არსებული ფასების, ასევე ბაზარზე რეაქციას იწვევს. კონკურენტუნარიანი ბაზარი უზრუნველყოფს, რომ ვერც ერთი მოთამაშე ვერ დადგება ამ ტრენდის წინააღმდეგ. ანუ რეალურად ის განცხადებები, რომ არ ასახავს ბაზარი ცვლილებებს, არაა ხოლმე სწორი. ჩვენ პირველი ცვლილება, რომელიც მარტის თვეში მოხდა, ეტაპობრივი შემცირება, 28 მარტს ავსახეთ. შემდგომ ცვლილებებს უკვე აპრილის განმავლობაში უნდა ველოდოთ, რამე თუ იმ პროდუქტების იმპორტის პერიოდი, რომლის ახალი ფასი დაფიქსირდა, დაახლოებით უახლოესი 1-2 კვირის განმავლობაში იქნება. ეტაპობრივი ცვლილებები, ბუნებრივია, ბაზარზე განხორციელდება”, – განმარტა ვასილ ხორავამ.
მისივე თქმით, ფასების კლების მიმართულებით გავლენა საბითუმო ბაზარზეც იქნება.
“საბითუმო ბაზარი უფრო სენსიტიურია. ეს ის ნიშაა, რომელიც “ვისოლს” წლების განმავლობაში არ ჰქონდა. ამ მიმართულებით ბოლო ორი წელია გავაქტიურდით და საკმაოდ დიდი რაოდენობის საბითუმო რეალიზაციას ვახდენთ. საბითუმო რეალიზაციები ზუსტად განახლებული იმპორტის საფუძველზე ხდება და ბუნებრივია, ეს მერე სხვადასხვა ტიპის ქსელებშიც აისახება. ჩვენ საბითუმო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორი ვართ. ვცდილობთ დროულად განვაახლოთ ნაშთები და ვეცდებით, საქართველოში იმპორტი რაც შეიძლება დროულად მოხდეს. ეს ფასის ცვლილების პროცესს შემცირებისკენ კიდევ უფრო დააჩქარებს”,- აღნიშნა ვასილ ხორავამ.
რაც შეეხება მარაგების საკითხს, “ვისოლის” გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ მართალია შესაძლოა ნავთობის გაიაფების პირობებში მარაგების შესყიდვამ მეტი მოგება მოიტანოს, თუმცა ასევე არის ზარალის რისკი, რომელიც ზედმეტი მარაგებით გამოწვეულ მოქნილობის შემცირებას უკავშირდება.
“ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ასეთ არასტაბილურ პირობებში დიდი ნაშთების შექმნა არასასურველია იმიტომ, რომ როგორც ზრდა, ასევე შემცირება არაპროგნოზირებადია. ასეთ პირობებში უფრო სწორია კომპანია ფინანსურად მყარად იყოს და რისკებში არ წავიდეს, არ ჰქონდეს გრძელი პოზიცია, ვალდებულებები ნაშთებში დაფიქსირებული ფასით, რაც მის მოქნილობას შეამცირებს. ანუ ჯობია ეტაპობრივად ხშირი და მოკლე შესყიდვები გააკეთოს”,- ამბობს ვასილ ხორავა.
ამასთან, მან ბაზარზე არსებული კონკურენციის შეფასებებისას ასევე განაცხადა, რომ სექტორსა და კონკურენციის სააგენტოს შორის მუდმივი თანამშრომლობაა.
“დღეს ნავთობინდუსტრია, დისტრიბუციის ინდუსტრია შეიძლება ითქვას ყველაზე კონკურენტუნარიანია. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ბაზარი აბსოლუტურად გახსნილია. კონკურენციის სააგენტოსთან კომუნიკაცია პერიოდულად გვაქვს ხოლმე, ვაგზავნით ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას, რაც მათ აინტერესებთ. ბაზარი ძალიან დივერსიფიცირებულია, კონცენტრაციის ხარისხს 4-5 კომპანია აღარ წარმოადგენს. ნებისმიერი მოთამაშის ფასის ცვლილება დიდი იქნება თუ პატარა, მასზეც აისახება და ჩვენ ბაზარზე არსებულ ფასებს ანგარიშს ვუწევთ ხოლმე, რომელიც აბსოლუტურად ჯანსაღად ყალიბდება, რამე თუ თითოეული მოთამაშე სწორად ასახავს იმ ქცევას, რომელიც კონკურენტულ პირობებში უნდა იყოს და თუ რომელიმე მოთამაშე არასწორი ნიშნულით იღებს მონაწილეობას, ის ან კარგავს ბაზრის წილს ან მეტად კონკურენტუნარიანი უნდა იყოს, რომ სხვა მოთამაშეები აიძულოს იმ ფასზე წამოიყვანოს”, – განაცხადა ვასილ ხორავამ.
ცნობისთვის, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასები კი ბოლო 4 წლის მინიმუმზეა. არსებული მდგომარეობით, BRENT-ის ტიპის ნავთობი ბირჟაზე 60 დოლარად ივაჭრება, WTI კი 57 დოლარი ღირს. ნავთობზე ფასის ვარდნა მსოფლიოში სატარიფო ომის დაწყებას უკავშირდება, რაც ეკონომიკური ზრდის შენელების და შესაბამისად, ნავთობზე მოთხოვნის შემცირების მოლოდინს აჩენს. მეორე ფაქტორი, OPEC+-ის განცხადებაა მოსალოდნელზე მაღალი წარმოების შესახებ, რაც ასევე ფასებზე წნეხს ზრდის. ამ ფონზე საქართველოში ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე ბოლო ერთი კვირაა ფასები კლების ტენდენციას აჩვენებს. საერთაშორისო ბირჟაზე ნედლ ნავთობზე ფასის ვარდნის გავლენით, საქართველოში ბრენდირებულ სადგურებზე საწვავი 10-13 თეთრის ფარგლებში უკვე შემცირდა.