მანანა გელაშვილი: დიდი ზურა ქარუმიძე წავიდა. დიდი, დიდი ინტელექტუალი – ამას რომ ვწერ, ვხვდები, რომ ოდნავადაც კი ვერ გამოხატავს ეს სიტყვები მის ფენომენს

“დიდი წავიდა. დიდი, დიდი ინტელექტუალი – ამას რომ ვწერ, ვხვდები, რომ ოდნავადაც კი ვერ გამოხატავს ეს სიტყვები მის ფენომენს. ზურას სტუდენტობიდან მოყოლებული ისეთი ღრმა და მრავალმხრივი ცოდნა ქონდა, რომ თავი მასთან შედარებით უვიცი მეგონა. იმასაც ვხვდებოდი, რომ სულ თავგადაკლულს რომ მეკითხა, ვერასდროს შევძლებდი მისდენს… ახლა როგორ აზროვნებდა და წერდა… მისი პირველი მოხსენება მახსოვს სტუდენტურ წრეზე წაკითხული – ჯონ დონის ,,მახვილგონიერებაზე. რეცენზენტები მე და თემურ კობახიძე Temur Kobakhidze ვიყავით (ახლაღა ვხვდები, როგორი სერიოზული რამ იყო ოდესღაც სტუდენტთა სამეცნიერო წრე). ჰოდა დონის ,,მახვილგონიერების” ბრწყინვალე რეალიზაცია იყო ის როგორც თავად ზურა წერდა.
მერე იყო წლები ნიკო ყიასაშვილის ,,თანამდეროვე ლიტერატურული პროცესის შემსწავლელ ლაბორატორიაში, სადაც მართლა თანავარკვლავედი იყო 80-იანი წლების ინტელექტუალების. ამ ლაბორატორიან უდიდესი როლი ითამაშა ლიტერატურის კვლევის, ახალი აზროვნების დამკვიდრებაში. მაგალითად თუნდაც ზურას, თემურ კობახიძისა და პაატა შევარდნაძის Paata Shevardnadze წიგნი ,,პოეტური ხატის მემკვიდრეობითობა” იკმარებს, რომელიც უნიკალური ნაშრომი იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ თითქმის უცნობ ავტორებს იკვლევდა (ჯონ დონი, ტომას ელიოტი, უილიამ ბატლერ იეიტსი), არამედ უმთავრესად იმიტომ, რომ თავად კვლევის მეთოდი იყო ახალი, როცა მთავარი ანალიზის საგანი გახდა არა რა, არამედ როგორ.
მერე იყო დრო გატარებული უისკონსინ-მილვოქის უნივერსიტეტში, სადაც ზურა პოსტმოდერნულ ამერიკულ მეტაპროზას სწავლობდა, როგორც ფულბრაიტის მიწვეული მკვლევარი. საქართველოში ჩამოსულმა სამეცნიერო ნაშრომის ნაცვლად ,,ღვინომუქი ზღვა'' დაწერა, რომელიც გადახარშვაა არა მხოლოდ პოსტმოდერნისტი მწერლების ტექსტების. არამედ მთელი იმ ნაშრომების, რაც პოსტმოდერნიზმის ესთეტიკასა და თეორიაზე წაიკითხა.
,,ღვინომუქი ზღვა'' გარკვეული თვალსაზრისით გარღვევა იყო ქართულ პროზაში, რადგან პირველად გამოჩნდა სრულიად ახალი ტექსტი, რომელიც უპირატესად სრულიად უცხო ლიტერატურულ მასალასა და პრინციპებს ეყრდნობოდა და სადაც ნარატივი ასოციაციურმა თამაშმა და სხვადასხვა ტექსტების პაროდირებამ ჩაანაცვლა. მას მოჰყვა ახვა წიგნები: ინგლისურად დაწერილი ,,დაგნი, ანუ სიყვარულის ნადიმი'' (Dagny or the Love Feast, 2006), რომელიც ბევრ ენაზე ითარგმნა, ირლანდიაში დუბლინის საერთაშორისო პრემიაზე იყო წარდგენილი და გერმანიაში გამოსულ საუკეთესო წიგნთა სამეულში მოხვდა…
მერე იყო ზურას ყველაზე საინტერესო ტექსტი – ,,მელია ტულეფია”. ამ წიგნზე ბევრჯერ მითქვამს მისთვის: ,,ქარუმ ერთი ეგეთი ტექსტი თუ კიდევ დაწერე კარგი კი არა – დიდი მწერალი იქნები-მეთქი.” მის აზროვნებას მიყოლოდი – ადვილი არ იყო. მაღალი მოდერნიზმის მხეცებივით, რომლის წიგნებზეც ზურა გაიზარდა, ზურაც მეტისმეტად მომთხოვნია მკითხველისადმი – მთელი იმ რთული ასოციაციური ბმების გასაგებად, რომლის გარეშე კითხვის პროცესი ვერ შედგება, ბევრი სხვა ტექსტის ცოდნაა საჭირო. ანუ ავტორი მომზადებულ მკითხველს ელის, ან სულაც არ აღელვებს მკითხველი, იმდენადაა გატაცებული თავად წერის პროცესით… საახალწლოდ ერთი ტექსტი ინგლისურად გამომიგზავნა Donkeyhead და თან თავი მოისაწყლა, მუზა აღარ მკოცნისო. 45 გვერდზე მეტი ვერ დავწერეო. ჰოდა ჩემი პასუხით ალბათ იმედები გავუცრუე და მეც კი ვერ აღმოვჩნდი მომზადებული მკითხველი. ესეც ჩემი პასუხი:
,,სულ რაღაც 45 გვერდიაო თავი რომ მოისაწყლე, შენი ერთი გვერდის უკან რომ ბიბლიოთეკა დგას??? – ეგ როგორაა.
ჰოდა, ქარუმ, ბედნიერი (ან უბედური?) კაცი ხარ ასეთი უცნაური ტვინი რომ ჩაგიდო ღმერთმა – ასეთი ნაზავი ტექსტების, ფანტასმაგორიული რეალობის, მახვილგონიერების…. რა ვიცი… თან საშობაო-საახალწლოდ – ამ საყოველთაო დატკბობა-გამოთაყვანების საცივ-გოზინაყობის პერიოდში – ასეთი ტექსტი.
ნდობისთვის მადლობა, მაგრამ მე ვერა ვარ ეგრე მოწყვეტილი ამ საყოველთაო დაშაქრებას – ახლა გოზინაყის კეთებას უნდა შევუტიო..”
კიდევ რა???. კიდევ ჯაზი უყვარდა, ვისკი, თავისი საბეჭდი მანქანა, ეს ჩემი სტატიაც მოსწონდა მასსა და ჯოისზე. წაიკითხეთ, თუკი აქამდე მომყევით და ჯოისი და ქარუმა გიყვართ,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი .

მწერალი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა .