ბიზნესმენი, კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“ დირექტორი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე პოლიტიკოსების არგამოცხადების გამო, მათთვის 8-თვიან პატიმრობას წარმოუდგენლად მიუღებელს და გაუგებარს უწოდებს. ამის შესახებ ალექსანდრე რატიშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას ისაუბრა.
ის აღნიშნავს, რომ დღეს პოლიტიკაში გადასული ყოფილი ბიზნესმენების ქვეყნის წინაშე გაწეული „ღვაწლი“ დიდია, რამეთუ მათ ეკონომიკის განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი და ამის იგნორირება არ შეიძლება.
“ჩემთვის ეს ამბავი ძალიან მძიმეა, რადგან მამუკასთან და ბადრისთან როგორც მეგობრული, ასევე საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს. დღეს საქართველო ეკონომიკა რომ არსებობს, ამ ორ ადამიანს უზარმაზარი წვლილი აქვთ შეტანილი, მათი პატიმრობაში ყოფნა წარმოუდგენლად მიუღებელი და გაუგებარი ფაქტია. ამას ვერანაირად ვერ ვამართლებ, ვერც გავიგებთ და ვერც შევეგუებით. არ შეიძლება მსგავსი მოვლენების ფონზე ჩვენ ვისაუბროთ… ხელისუფლებას ვგულისხმობ… ეკონომიკის განვითარებაზე, ბიზნესკლიმატზე.
მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი მდგომარეობით მამუკა და ბადრი ბიზნესმენები არ არიან, ისინი პოლიტიკოსები არიან და ისინი პოლიტიკური ველის აქტორები არიან. იმავე მიზეზით, მათთან ერთად სხვა პოლიტიკოსები არიან დაკავებულები, მაგრამ მამუკას და ბადრის შემთხვევაში, გზას ვერ ავუვლით მათ წვლილს, მათ ღვაწლს, რომელიც მათ ქართული ეკონომიკის და შესაბამისად სახელმწიფოს განვითარებაში აქვთ. სრულიად ობიექტურად – მათ მიერ ქვეყანაში შემოტანილი აურაცხელი მოცულობის უცხოური თუ ადგილობრივად, საკუთარი ძალებით განხორციელებული ინვესტიციები თუ უამრავი დაფუძნებული წარმატებული კომპანია, დასაქმებული ადამიანებით, დამთავრებული სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი უზარმაზარი ოდენობის თანხით – ეს ისეთი ფაქტორებია, რომლებსაც ხელს ნამდვილად ვერ წამოვკრავთ, მაპატიოს ყველა სხვა დაკავებულმა, რომლებსაც ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ. არ შეიძლება ამ ადამიანების ღვაწლის არშეფასება და არ დაფასება“, – აცხადებს ალექსანდრე რატიშვილი.
#რედაქტ2-ის კითხვას – რა გზავნილია ეს საერთაშორისო საზოგადოებისა და ბიზნესწრეებისთვის, ბიზნესმენი ასე პასუხობს: „ეს ძალიან ცუდი გზავნილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, საერთაშორისო ბიზნეს წრეებისთვის, პოტენციური ინვესტორებისთვის და ამას აუცილებლად მოჰყვება შედეგი. თუ კი საქართველოში ასეთი რამ შესაძლებელია, როგორც შეიძლება სხვამ – უცხოელმა გადაწყვიტოს და იფიქროს, საკუთარი სახსრები დააბანდოს იმ ქვეყანაში, სადაც სამართლიანობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და სხვა საკითხებიც ძალიან შელახულია“.
ალექსანდრე რატიშვილი აღნიშნავს, რომ ბიზნესისთვის არასტაბილური გარემო მიუღებელია და მაშინ, როდესაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო ყოფილ ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს ციხეში უშვებენ, სხვა – შედარებით მცირე ბიზნესმენი მშვიდად ვერ იქნება.
დღეს ქვეყანაში არსებული მოცემულობა არასტაბილურობის განცდას აჩენს. თუ ბიზნესი ხმამაღლა არ საუბრობს, ახლა მამუკას და ბადრის დაკავებამ ეს ცოტა გაააქტიურა, ვნახოთ დღეს, ხვალ, ზეგ ალბათ უფრო მეტი ბიზნესის წარმომადგენელი ამოიღებს ხმას, მათ შორის ისეთი ბიზნესები, რომელთა განვითარებასა და ფეხზე დაყენებაში მამუკას და ბადრის უზარმაზარი ღვაწლი აქვთ შეტანილი, როგორც თავის დროზე ინვესტორებს და უამრავი ახალი პროექტების გამკეთებლებს. ჩემთვის გაუგებარია რა სარგებელს ნახულობს ხელისუფლება მუდმივად ამ არასტაბილური გარემოს შენარჩუნებით. პირიქით ქვეყანას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება და ის რომ ადამიანს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვის პატიმრობას უფარდებ და სვამ ციხეში აბსოლუტურად გაუგებარი ამბავია. კანონს აქვს ფულადი ჯარიმის სახე, გაფრთხილება, პატიმრობამდე თუ მიდგა საქმე 8 თვემდე არის მაგალითად 2 კვირა… ვარიანტებად ვამბობ… პირდაპირ ასე ადამიანები ჩასვა 8 თვით ციხეში ჩასმა აბსოლუტურად გაუგებარი ამბავია. თუ ვხედავთ, რომ ადამიანის ყველა წინა დამსახურება, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე ამხელა მასშტაბის არის – იგნორირებულია და კომისიაზე არგამოცხადების გამო ის ციხეში წავიდა, როგორი განცდა უნდა ჰქონდეს სხვა, ბევრად უფრო მცირე მასშტაბის ბიზნესმენს“, – აღნიშნა ალექსანდრე რატიშვილმა.
