ჩრდილოეთ მალავიში, კარონგას რაიონში მცხოვრები მცირე ფერმერი, ემილი ნხანა BBC-ს ბანანის ღვინის დამზადების მეთოდის შესახებ ესაუბრა.
„ექსტრემალური სიცხე ბანანს ზედმეტად სწრაფად ამწიფებდა, რის შედეგადაც ფერმერები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. ამიტომ, ბანანისგან ღვინის დამზადების მეთოდი მოვიფიქრეთ – ბანანის გემოს შესანარჩუნებლად ლიმნებს ვიყენებთ, რომლებსაც Twitule Cooperative Group-ის გადამამუშავებელ ქარხანაში ვასუფთავებთ. ფერმერებისთვის ეს მხოლოდ ღვინის დამზადებას არ ნიშნავს, არამედ ეს თავის გადარჩენაცაა, გამძლეობა და ახალი შესაძლებლობების გათავისება, რაც ცვალებადი კლიმატის პირობებში ჩნდება.
„ჩვენი გამოწვევა მალავის ტბაში წყლის ზედმეტად მატებაა. სანაპიროზე მოყვანილი ბანანის პლანტაციები წყალში გვილპებოდა. ბანანი ასევე სიცხის გამო გვიფუჭდება. ღვინის დაყენების პროცესი მარტივია: ვფცქვნით გადამწიფებულ ბანანს, წვრილად ვჭრით, შემდეგ ვწონით და ვუმატებთ შაქარს, საფუარს, ქიშმიშს, წყალს და ზემოდან ლიმნით ვფარავთ. შემდეგ ამ ნარევს რამდენიმე კვირის განმავლობაში დუღილისთვის ვაყოვნებთ, რის შედეგადაც ბანანის რბილობი ძლიერ, არომატულ ღვინოდ გარდაიქმნება, რომელიც 13% ალკოჰოლს შეიცავს – ეს ყურძნისგან დამზადებული ღვინის მსგავსია,“ – განუცხადა ემილი ნხანამ BBC-ს.
როგორც BBC-ი წერს, ღვინოს ოდნავ ტკბილი, ხილის გემო აქვს და თან ახლავს ლიმნისა და ბანანის დახვეწილი არომატი.
”მსუბუქია და დესერტის ღვინოს ჰგავს. წარმოდგენა არ მქონდა, რომ ბანანისგან ღვინის დაყენება შეიძლებოდა. ” – თქვა ღვინის მოყვარულმა პოლ კამვენდომ.
მალავიში, ადგილობრივ ბაზრებზე 1 ბოთლი ბანანის ღვინო 3 დოლარად იყიდება.
„ჩვენი ბანანის ღვინო მალავის ბაზრებზე, დედაქალაქ ლილონგვეში და უდიდეს ქალაქ ბლანტაირში ყოველთვის იყიდება. ღვინის ქარხანა თვეში 20-50 ლიტრ ღვინოს უშვებს და ვიმედოვნებთ, რომ წარმოება უფრო გაფართოვდება. ჩვენ კიდევ უფრო დიდი გეგმები გვაქვს – ღვინის ექსპორტზე გატანას ვაპირებთ“, – თქვა Community Savings and Investment Promotion-ის (Comsip) აღმასრულებელმა დირექტორმა, ტენისონ გონდვემ.
