მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე:
პოსტ-ბიძინა საქართველოში ერთერთი პირველი რაც აუცილებლად გასაკეთებელია, არის ავტორიტეტულ საზოგადოებრივ პირთაგან და ფინანსური ექსპერტებისგან შემდგარი სახელმწიფო კომისიის შექმნა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველა რანგის ჩინოვნიკებისა და ე. წ. ბიზნესმენების უძრავი ქონების სრულ რეესტრს შეადგენს. ნებისმიერი ფინანსურად დაუსაბუთებელი უძრავი ქონება უნდა განიხილებოდეს, როგორც საქართველოს მოქალაქეთა ძარცვის შედეგად მოპოვებული აქტივი და უნდა მოხდეს მისი კონფისკაცია საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ. იგივე პროცედურა უნდა ეხებოდეს 2012 და განსაკუთრებით 2022 წლის გაზაფხულიდან საქართველოში შემოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უძრავ ქონებასა თუ მიწას, რომელსაც უკვე წლებია კოეფიციენტს უცვლიან და ისე ყიდიან-იმ განსხვავებით, რომ უცხოელებს დაუბრუნდებათ ის თანხები, რაც მათ საქართველოში მიწისა თუ ბინის ყიდვაში გადაიხადეს.
ასევე უპირველეს ამოცანად მიმაჩნია გადაიხედოს 2012, განსაკუთრებით კი 2022 წლიდან საქართველოში მოქალაქეობის ან მუდმივად ცხოვრების უფლება მიღებულ მოქალაქეთა საქმეები, ჩაუტარდეთ მათ რეალური და არა ფეიკ გამოცდები ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის ცოდნაში, მათ კი-ვინც ამ გამოცდებს ვერ ჩააბარებს, ჩამოერთვათ გაყალბებებით მიღებული საქართველოს მოქალაქეობა და ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის უფლება.
ამას გარდა სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა და ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოში ყოფნის უფლება უნდა შეიზღუდოს 90 დღით, რა დროის გასვლის შემდეგაც მათ ქვეყანაში გაჩერების უფლება აღარ ექნებათ. ეს კანონი ყველაზე ეფექტურად დაარეგულირებს ჩრდილო მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსულთა რაოდენობასაც, რადგან ბევრს გაუქრება იმ უძრავი ქონების ფლობის სურვილი, რომლის გამოყენებასაც ის წელიწადში მხოლოდ სამი თვით შეძლებს და ეს კანონი ბუნებრივად, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი ძალისმიერი ქმედებების გარეშე დაარეგულირებს ამ პრობლემას: ბევრს გაუჩნდება ასეთი უძრავი აქტივების გაყიდვის სურვილი, რაც იმავდროულად უძრავ ქონებაზე ხელოვნურად გაბერილ ფასებსაც დააგდებს.
რაც შეეხება ე. წ. ქართული ოცნების ფუნქციონერთა მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანილ და უცხოეთის ბანკებში შენახულ თანხებს, ახალი ქართული მთავრობა ამ საკითხითაც უნდა დაკავდეს და კომპეტენტურ სპეციალისტთა დახმარებით შესაბამისი მოქმედებები ჩაატაროს.
ზემოთხსენებული, კანონის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები თუ მთლიანად არა, დიდწილად მაინც აუნაზღაურებს ქვეყანას იმ გიგანტურ მატერიალურ ზარალს, რაც ცამეტი წლის მანძილზე რუსული ოცნების რეჟიმმა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს მიაყენა.