მაია ბუწაშვილი: თუ ცოფი პაციენტს ნამდვილად აქვს, დაზიანდა ნერვული სისტემა, მისი გადარჩენა არის შეუძლებელი

მიტოვებული ცხოველების რაოდენობა გაიზარდა. მომრავლდა ადამიანებზე თავდასხმის ფაქტებიც. გურიაში 16 დეკემბერს პიტბულმა მცირეწლოვანი ძმები დაკბინა. 2 წლის ლაზარეს მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა 3-საათიანი ურთულესი ოპერაციის შემდეგ 2 წლის ლაზარეს მდგომარეობა სტაბილურია.

ასევე, 19 დეკემბერს  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ძაღლს, რომელმაც კახეთის გზატკეცილზე ბავშვი გაკაწრა, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა. როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა, ბავშვის ვინაობა დადგინდა და მას ვაქცინის პირველი დოზები უკვე გაკეთებული აქვს.

აღნიშნულ პრობლემასთან და საკითხთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ ეთერში კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.

ბუწაშვილის განცხადებით, ვირუსი იმყოფება ცხოველის ნერწყვში, ამიტომ თუ ნერწყვი მოხდა ჭრილობაში, ითვლება მაღალ რისკად.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაზიანების ხარისხს, პირველ რიგში, მაღალი რისკია იმ შემთხვევაში, თუ კანზე არის ხილული ჭრილობა. ძირითადად ვირუსი იმყოფება ცხოველის ნერწყვში, ამიტომ, თუ არსებობს რისკი, ნერწყვი მოხვდა ჭრილობაში, მაშინ ეს ითვლება მაღალ რისკად ყველა შემთხვევაში.

ცოფის ვირუსი მაღალი კონცენტრაციით არის ცხოველის ნერწყვში, ამიტომ, თუ ნაკაწრიან კანზე მოხვდა ნერწყვი, აუცილებელი არ არის კბენა, ესეც არის რისკფაქტორი.

თუ დარწმუნებული ვართ, ცხოველი აცრილია, მაინც დაკვირვების ქვეშ გვყავს, რადგან აცრილ ცხოველებშიც იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია, ცოფის შემთხვევა.

თუ ცხოველი დაიკარგება ან განუვითარდება არაადეკვატური ქცევა, ეს, რა თქმა უნდა, მკვეთრად ზრდის რისკს და ვაქცინაციის სრული კურსი უნდა ჩამთავრდეს ადამიანში. ვაქცინასთან ერთად ზოგ შემთხვევაში გვჭირდება იმუნოგლობულინი. ეს საჭიროა მაშინ, როდესაც არის ღრმა ჭრილობა და დარწმუნებული ვართ, ნერწყვი მოხვდა.

ქირურგებმა იციან როგორ მოექცნენ ცოფის ჭრილობას, იმიტომ, რომ ამ დროს ნაკერები არ იდება. რაც შეძლება ღია უნდა იყოს ჭრილობა, რადგან იქ ვირუსის გამრავლების პირობები ნაკლები იყოს. გაკაწვრა თუ არის კბილით, ეს უფრო სერიოზულია, ვიდრე ბრჭყალი, რადგან აქ ნერწყვის ალბათობა ნაკლებია. 

ყველაზე მაღალი რისკია – სახე, კისერი, რაც უფრო ახლოსაა ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან, შემდეგი არის ხელი და ნაკლებ რისკად ითვლება ქვედა კიდურები.

როდესაც გვაქვს კანის მთლიანობის დარღვევა, აუცილებელია სასწრაფოდ მოხდეს ჩამობანა წყლით და საპნით ხანგრძლივად, მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში, დავამუშაოთ სპირტით ან იოდით და არ შევახვიოთ.

10 დღის განმავლობაში ქცევა იცვლება ან ცხოველი კვდება თუ არის ცოფი. სამწუხაროდ, თუ ცოფი პაციენტს ნამდვილად აქვს და უკვე ინფიცირდა, დაზიანდა ნერვული სისტემა, მისი გადარჩენა არის შეუძლებელი“, – აცხადებს  ბუწაშვილი.

ინფექციონისტმა, ასევე, ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ვლინდება ცხოველებში ცოფის ნიშნები.

„ცხოველში ცოფის  გამოვლენის ნიშნებია: 

✔️ თუ ცხოველი გვესხმის თავს, ეს უკვე საეჭვო ქცევაა

✔️ გაძლიერებული ნერწყვდენა

✔️ საკვებზე, წყალზე უარის თქმა 

ცოფის დროს ნერვული სისტემის სერიოზული დაზიანება მიმდინარეობს, ასევე, ვითარდება. კუნთების დამბლა და როგორც წესი, გულის კუნთის და სხვა სიცოცხლისთვის აუცილებელი კუნთების დამბლით იწვევს სიკვდილს საკმაოდ მალე, რამდენიმე დღეში“, – დასძენს ინფექციონისტი.

ასევე დაგაინტერესებთ

“შესაძლებლობა რომ მქონდეს, „ოცნების“ ლიდერს ვკითხავდი – სურს კი, რომ მთელი მისი ქველმოქმედება რუსულ სპეცოპერაციას დაემსგავსოს, დაახლოებით ისეთს, როგორითაც რუსები უკრაინაში შეჭრისათვის ემზადებოდნენ?”