ლოიალობის სქემები, ქეშბექები, რომელსაც ბანკები გვთავაზობენ შემცირდება – ექსპერტი საბანკო გადახდების საკომისიოს ზედა ზღვრის დაწესებაზე (bm.ge)

ლოიალობის სქემები, ქეშბექები, ფასდაკლებები, რომელსაც ემიტენტები, ანუ ბარათის გამომშვები მომხმარებლებს სთავაზობენ, რა თქმა უნდა, შემცირდება – ასე აფასებს BTU-ს ასოცირებულ პროფესორი და საგადახდო სისტემების სპეციალისტი მაია ხელაძე ინიციატივას, რომელიც ბარათით გადახდისას საკომისიოს ზედა ზღვრის 0.5%-მდე შემცირებას ითვალისწინებს.
მისი თქმით, ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში, შესაძლოა, მოთამაშეთა ნაწილს ბაზრის დატოვება მოუხდეს, რადგანაც ხარჯების დაბალანსებას ვერ შეძლებენ. მაია ხელაძე განმარტავს, რომ ამ იდეამ ბანკებს, შესაძლოა, ფინანსური რისკი გაუზარდოს. მისი შეფასებით, თუკი ბარათით გადახდისას საკომისიოს შემცირებას ვიზას, მასტერქარდის, ამექსის თუ სხვა პროვაიდერის მხრიდან გაზრდილი ტრანზაქციები ვერ დააკომპენსირებს, ბანკებისთვის ფიქსირებული საკომისიოს დაწესება გამორიცხული არ არის.
“ჩვენ არ შეგვიძლია ამ საგადახდო სქემებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ გავატარებთ ისეთ ოპერაციებს, როგორიცაა Apple Pay თუ GPay – საერთაშორისო ბარათები, რომლებიც შემოდიან და ჩვენს ქსელში ტრანზაქციებს ასრულებენ. ჩვენ ეს გვჭირდება”, – განმარტავს მაია ხელაძე და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სექტორთან კომუნიკაცია და ბიზნესის აზრის გათვალისწინება.
“ძირითადი, რაც არის, ეს არის საჯარო და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია. აუცილებელია ძალიან აქტიური კომუნიკაცია ბანკებთან, ამ შემთხვევაში ფინტექებთან, რომელიც შემოვა ამ სისტემაში, იმიტომ, რომ ეროვნულ ბანკს გაჟღერებული აქვს ინიციატივა ადგილობრივი IPS გადახდის სისტემების დანერგვის შესახებ, რომელიც ასევე მომართული იქნება იმაზე, რომ საერთაშორისოდ აღიარებული ტრანზაქციები რაც გვაქვს და რაც ჩვენი მთლიანი ტრანზაქციების 94%-ია, არ წავიდეს ვიზა-მასტერქარდში დასამუშავებლად და ადგილზევე დარეგულირდეს.
ეს მხარე მოსაწესრიგებელი იქნება, რათა ამ ეკოსისტემაში ჩართული მონაწილეების აზრი აუცილებლად იყოს გათვალისწინებული. ასევე, ბიზნესის აზრი – რომელი მტკივნეული ადგილებია მათთვის ისეთი, რომ საკომისიოს ოდენობა დაიწიოს, თუმცა ეს არ/ვერ მოხდება მხოლოდ საკომისიოს დაწევის ეფექტით. მაგალითად, ინდოეთში, სახელმწიფომ სუბსიდირებაც განახორციელა, რომ ეს საკომისიო ზღვარი დაეწესებინა. ამან დადებითი შედეგი გამოიღო, თუმცა ბევრი მოთამაშე გავიდა ბაზრიდან იმიტომ, რომ მათთვის ხარჯი გაიზარდა, შემოსავალი კი იმდენად შემცირდა, რომ ამ ინფრასტრუქტურის მომსახურება არ უღირდათ”, – ამბობს BTU-ს ასოცირებულ პროფესორი და საგადახდო სისტემების სპეციალისტი მაია ხელაძე.
ჯერჯერობით ინიციატივის განხილვა პარლამენტში არ დაწყებულა, შეფასებები არ კეთდება არც საბანკო ასოციაციის მხრიდან. გასულ კვირას საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, რომელიც ამბობს, რომ კომუნიკაცია ექნებათ საბანკო სექტორთან.
bm.ge