სალიზინგო სექტორის წარმომადგენლები დარგისთვის საკანონმდებლო და საგადასახადო მიმართულებით ცვლილებებს ითხოვენ.
როგორც სალიზინგო კომპანიების ასოციაციაში BMG-ის განუცხადეს, ერთ-ერთი გამოწვევა ამჟამად სექტორისთვის მოქმედი ქონების გადასახადის დაბეგვრის წესია. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სალიზინგო ბაზარი დღეს სხვა კომპანიებისგან და ფიზიკური პირებისგან განსხვავებული წესით იბეგრება, რაც სექტორს გარკვეულწილად არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს.
“ქონების გადასახადის ცვლილება ეხება ადმინისტრირების რეჟიმს, საგადასახადო კოდექსის თანახმად, ლიზინგის გამცემისთვის ქონების გადასახადის დაანგარიშების სხვანაირი პრინციპია, ზოგადად მეწარმისთვის, საკუთარ ქონებაზე სხვა პრინციპი მოქმედებს. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება უფრო მეტ ტვირთს უქმნიდეს მეწარმეს ლიზინგით მიღებული ქონების გადასახადი, ვიდრე საკუთრებაში რომ ჰქონოდა. ამიტომ გვინდა, რომ ეს ერთიან სისტემაში მოვიდეს და ორივე შემთხვევაში, ერთნაირი საგადასახადო ტვირთი იყოს”, – განაცხადა გვანცა გვიჩიამ.
იმაზე, რომ სალიზინგო ბაზარს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, საუბრობენ “კრისტალ ლიზინგშიც“. როგორც BMG-სთან კომპანიის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი აცხადებს, ერთ-ერთი ასეთი საკითხი დარგის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას ეხება.
“ბოლო პერიოდში სალიზინგო ბაზრის ზრდის ტემპი 20%-ის ფარგლებშია. თუმცა ჯამურად რომ შევაფასოთ საქართველოს ეკონომიკა, ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს, რომ ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყოს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა საჭიროებს დამატებით ძირითად საშუალებებს, დამატებით ტექნოლოგიებს. ძალიან კარგი იქნება, თუ ლიზინგით დაფინანსებული აქტივების შემთხვევაში, დამატებული ღირებულების გადასახადი შემსუბუქდება. ეს გამოიწვევს იმას, რომ მეწარმეები მეტ აქცენტს გააკეთებენ ტექნოლოგიებზე, მეტ ძირითად საშუალებებს შეიტანენ თავიანთ აქტივებში, რაც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკას წაადგება”, – განაცხადა კახა გაბესკირიამ.
ცნობისთვის, სალიზინგო კომპანიების ასოციაციის მონაცემებით, საქართველოში სალიზინგო ბაზრის მოცულობამ 700 მლნ ლარს გადააჭარბა. “კრედიტინფო საქართველოს” მონაცემებით კი მიმდინარე წლის 1 კვარტალის მდგომარეობით, სალიზინგო სექტორს დაახლოებით 22 ათასი აქტიური მსესხებელი ჰყავდა.
