“როცა მისი სოხუმში სამუშაოდ გადასვლა გადაწყდა, აფორიაქებული შევხვდი ამ ამბავს, თუმცა არაფერი მითქვამს. აღელვება შემატყო და მითხრა, ლია, წაუსვლელობა არ შეიძლება, ჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ, ჩვენი თაობა ისედაც ვალშია მათ წინაშეო.
სკოლის მერხიდან ვიცნობდით ერთმანეთს, და მოსაგონარი ბევრი მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვივიწყებ მის ბოლო ჩამოსვლას სოხუმიდან თბილისში. 1993 წლის 15 სექტემბერს, შუაღამისას ჩამოფრინდა. აფორიაქებული მეჩვენა… დილის 10 საათზე სახლიდან გავიდა ედუარდ შევარდნაძესთან შესახვედრად. მთელ დღეს არ გამოჩენილა. იმ საბედისწერო ღამეს გვიან მოვიდა, ისეთი დაღლილი იყო, საუბრის თავიც არ ჰქონდა. ვიფიქრე, დილით დაველაპარაკები-მეთქი.
16 სექტემბრის დილის 5 საათის ზარს ვერ ამოვშლი მეხსიერებიდან. ყურმილი ავიღე, ჟიულის სოხუმიდან ურეკავდნენ. ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდი, ის თანდათან გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა… მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა განკარგულებებს. შემდეგ მითხრა, მგონი, ისევ დაიწყო ომი აფხაზეთშიო. სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა სახელმწიფო მეთაურთან შესახვედრად. შუადღისას დაბრუნდა, მითხრა, ლია, ჩვენ ცხოვრებაში ბევრი გაჭირვება გამოვცადეთ და ახლა ესეც უნდა ვნახოთო. უკვე ვიცოდი, რომ სოხუმი იბომბებოდა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ, გასვლის წინ მითხრა, ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა ღირსეულად მიტირეთო. გაცილება არ უყვარდა, აივნიდან გადავხედე, ჟიულიმ ამომხედა, შევატყვე, რომ თვალები ცრემლიანი ჰქონდა. ხელი დამიქნია და წავიდა… სულ მეკითხებიან, რატომ წავიდა სოხუმშიო. ამ კითხვას მისი სიტყვებით ვუპასუხებდი: “რაცა ვარ, ესა ვარ. დადებითით და უარყოფითით, ცოდვებითა და უცოდველობით. მე ვდგავარ ერთ პოზიციაზე – კონკრეტული სარგებლობა მოვუტანო ჩემს ერს”.