ლია კუხიანიძე: 100 წელიწადში ტერიტორიის 50% დავკარგეთ და მართლა დამოუკიდებელი სახელმწიფო და მართლა ქართული სკოლა ამას დაუშვებდა?

“…იმის შემდეგ, რაც მასწავლებელთათვის ცხადი გახდა, ხელისუფლების მიერ მათდამი დაპირებული სიტყვის ფასი, სოციალური ქსელები, კერძოდ, მასწავლებელთა სხვადასხვა ჯგუფები, აივსო დამცირებულთა და შეურაცხყოფილთა პოსტებით, რომლებშიც ალაგ-ალაგ გამოანათებდა კმაყოფილთა სამადლობელი პარტიის, მთავრობის, მინისტრისა და სკოლის დირექტორებისადმი, რასაც კოლეგათა ნაწილი მათ უკადრის საქციელად უთვლიდა და ძალიან მძიმე იყო ამ ყველაფრის ნახვა და წაკითხვა, მაგრამ უფრო მძიმე ისაა, ამ ხმაურსა და კამათში, ერთმანეთის დამუნათებაში: მასწავლებელი ხელფასზე არ უნდა ფიქრობდეს, უფროსი მასწავლებლები იმ კოჭლ ცხვარს ჰგვანან, ფარის შემობრუნებისას თავში რომ მოექცა, წამყვან-მენტორებმა სტატუსები იყიდეს, ჩვენ ღამეები ვათენეთ, ჩვენ სულ ტრენინგებზე ვიყავით და ა.შ და ა.შ. გამოგვრჩა მთავარზე მთავარი, ის, რომ ამ ნაბიჯით, პედაგოგთა მრავალრიცხოვანი კორპუსის, ახალგაზრდა, ძველგაზრდათა და მასწავლებლობის მსურველთა დაპირისპირებით, რაღაც სხვაა გათვლილი, თორემ აღნიშნულს რომ საყოველთაო სიხარული არ მოჰყვებოდა, მაგდენს კი მიხვდებოდნენ საოცარი სახელფასო ფორმულის შემოქმედნი, რომლებსაც არა მგონია, ისე, როგორც თითქმის ყველაფერი, ესეც დამოუკიდებლად გადეწყვიტათ.
ერთი სიტყვით, ზემოაღნიშნულზე უფრო შემაშფოთებელი ისაა, რომ ამ გაწამაწიაში არსობის პურზე მუდამ მოფიქრალ და ხვალინდელი დღის შიშით შეპყრობილ ადამიანებს გამორჩათ (ამისთვის 30 წელზე მეტია იღვწიან იქ, ზემოთ, აბელ სეთურის მემკვიდრენი) უმთავრესი, ის, თუ ასე გაგრძელდა, ხელფასების მართლაც უპრეცედენტო ზრდაც კი ვერ შეძლებს ე.წ. განათლების რეფორმისგან დაცემულ-დანგრეულ სკოლაში “წარსულ – ნერგზედ ახალ-ნამყნის გახარება-აყვავებას” და მოსწავლეების იმაში დაბეჯითებით დაჯერებას, რომ “მომავალი შენია”, მომავალი აქ, შენს სახლში, შენს სამშობლოშია.
უმიზეზოდ არაფერი ხდება, არც ის, ისინი რომ სხედან თითქმის ყველგან, სხვათა წინამძღვრობა არაფრით რომ არ დაუმსახურებიათ და ისე კარგად ცხოვრობენ, არც ახსოვთ, რომ ჩვენ მიერ დაქირავებულნი არიან, მაგრამ “დათა თუთაშხიას” წაკითხვა-გააზრების გარეშე შესანიშნავად იციან:
“ადამიანი სანამ მარტოა და არავის ენდობა, იქამდე ვარგა სხვისთვისაც და თავისთვისაც. პირის შეკვრას რომ ისწავლიან, მერე კაი აღარაფერი გამოვა მათი ხელიდან“.
ძნელია რეალობისთვის თვალის გასწორება, იცლება ქვეყანა, მიტოვებულია ფუძე, სოფელი, შენდება და შენდება უსახური მაღალსართულიანი სახლები სხვათათვის, ფეხმძიმე ქალი აქა-იქ თუ შეიმჩნევა, მშობიარეთა შორის 30%-ია მხოლოდ ქართველიო, ვაი, რომ მალე, თუ უკვე არა, ქართველი მოსწავლეები უცხო ენაზე, საკუთარის ხარჯზე, მშობლიურივით ილაპარაკებენ, დედის მაგივრად დედინაცვალს დაიფიცებენ და თუ არაფერი შეიცვალა, ეროვნულ უმცირესობაშიც აღმოვჩნდებით.
…ეს საშინელი რუკაც საგანგებოდ დავდე (ყოველ დილით უნდა ვხედავდეთ, ბრაზმა რომ არ გაგვიაროს), 100 წელიწადში ტერიტორიის 50% დავკარგეთ და მართლა დამოუკიდებელი სახელმწიფო და მართლა ქართული სკოლა ამას დაუშვებდა? რა თქმა უნდა, არა, და ჩათვალეთ 200, 500, 800 ლარით მანიპულირებაც იმათ წისქვილზე ასხამს წყალს, რომლის ქვებითაც ჩვენი დაფქვა-განადგურება ესურვილებათ.
საშველი სადაა? იქ, სადაც ყოველთვის იყო, გულსა და გონებაში, ფიქრსა და შრომაში და ერთმანეთის სიყვარულში. იმის გახსენებაში, რომ ადამიანი ღვთის სახედაა შექმნილი და თავად უნდა აირჩიოს, თავისუფლება სურს, თუ მონობა, რა ანიჭებს სიამოვნებას, მტკიცედ ნათქვამი “არა”, თუ “პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ”…
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უკეთესის იმედით გემშვიდობებით, იმ ეროვნული ენერგიის იმედით, ყველა თაობის უკეთეს ქართველთა სულის გამოვლინება რომაა და მტერს გასაქრობად არ გვანებებს.
ბოლოს კი კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ყველას, ვისთვისაც სკოლა მხოლოდ შემოსავლის ადგილი არაა და სტატუსი – კოლეგის შეფასების კრიტერიუმი, ჩემს პატივისცემას. ესეც გადაივლის და ჩვენს ქუჩაზეც დადგება დღესასწაული” – წერს სოციალურ ქსელში ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია კუხიანიძე.