ლევან ღამბაშიძე: გეგელიას რაც დაემართა გაუმართლებელია მხოლოდ ერთი არგუმენტით: არავის ფიზიკური შეურაცხყოფა არ შეიძლება. ამის ნაცვლად, ინციდენტს იმდენი სულელური არგუმენტით ამართლებენ, გული მოგიკვდება

ფილოსოფოსი :
გუშინ გეგელიას რაც დაემართა გაუმართლებელია მხოლოდ ერთი არგუმენტით: არავის ფიზიკური შეურაცხყოფა არ შეიძლება.
ამის ნაცვლად, ინციდენტს იმდენი სულელური არგუმენტით ამართლებენ, გული მოგიკვდება.
მაგალითად:
ა) პირადი აზრის ქონის გამო დაპირისპირება არ შეიძლება.
პირადი აზრია, როდესაც ლიკანის ნაცვლად ბორჯომს სვამ. საჯაროდ რამის თქმა კი, განმარტების მიხედვით ნიშნავს, რომ შენს მოსაზრებას განსახილველად აგდებ ადამიანთა საზოგადოებაში, რომლებიც არ გეთანხმებიან. ეს კი ნიშნავს, რომ შენ საკმარისად გაბედული ხარ და იღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც დისკუსიის შედეგად შეიძლება შენ დაგემართოს – დაცინვა, გაკიცხვა, გარიყვა, მოწონება, შექება… თუ შენი აზრების შესახებ მხოლოდ შექების მოსმენა გინდა, დღიური წერე და შეყვარებულს აკითხე. ოღონდ იცოდე, რო დაშორდები, იმ დღიურში არსებულ ყველა სულელურ შენატანს დაქალებს მოუყვება და დაქცინებს. ეგრე მუშაობს აზრის სხვისთვის გაზიარება. რისკები ახლავს თან.
ბ) პოლიტიკა აღწერო, როგორც პირადი აზრების გაცვლა-გამოცვლა, ნიშნავს რომ არ იცი რა არის პოლიტიკა. ყველა სხვა საჯარო საქმიანობას შორის სწორედ პოლიტიკაა ყველაზე საჯარო. არაფერი პირადული იქ არ არსებობს. პოლიტიკოსი რომ დამოუკიდებლობის დღეს აუზზე მიდის პირადი საქციელია? არა. პოლიტიკაში ყველაფერი რაღაცას ნიშნავს. არ მოგწონს? რაღაც პირადი აზრების ქონა გინდა საჯაროს ნაცვლად? დღიური წერე…
გ) პოლიტიკოსი მისი ქმედებების გამო უნდა იხდიდეს ფასს. ჩვენ გვინდა, რომ ასე იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩებით იქ სადაც ვართ. რა ფასი ხადაიხადა რომელიმე ქოცმა? ფულის ჩატანა, პარტიიდან გარიცხვა, თვითმკვლელობამდე მიყვანა… მაგრამ არცერთი არ არის ხალხთან ანგარიშვალდებული. ყველა “ატვიჩაია” პირადად ივანიშვილთან. ამიტომაც კიდიათ ფეხზე ხალხის აზრი. და როგორ უნდა იყოს? როგორ და, როდესაც პოლიტიკოსი რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ვიღაცას შეიძლება არ მოეწონოს, და ეს ასე იქნება ყველა შემთხვევაში, ის მიიღებს უკმაყოფილებას. ზოგჯერ მდუმარეს, ზოგჯერ ხმამაღალს. არ გინდა რო არავინ არასოდეს არ წამოგაძახოს რამე ქუჩაში? ან არ გააკეთო ის, რაც ხალხს არ მოსწონს, ან დღიური წერე….
დ) “ჩვენ ხომ აზრთა სხვადასხვაობისთვის და დემოკრატიისათვის ვიბრძვით? ასე აპირებთ დემოკრატიის აშენებას?”
კი, ზუსტად ასე. იმის მინიმალური ცოდნით, რასაც დემოკრატია ჰქვია და არა მისი რაღაც სულელურად კარიკატურული გაგება.
გეგელია საკუთარი დაგეგმილი აქციიდან კი არ გააძევეს, არამედ აქციიდან, რომელიც თვლის, რომ არჩევნებში მონაწილეობა პროტესტის ღალატია. ამ პროტესტს თავისი ლოგიკა აქვს და ეგ ლოგიკა გულისხმობს რეჟიმთან ართანამშრომლობას. ეგეთი აქციაა. გთხოვთ ამიხსნათ, ასეთი აქციიდან ისეთი პარტიის წარმომადგენლის გაძევება, რომელიც თანამშრომლობას ეხება, რატომ არის დემოკრატიის, ლიბერალიზმის, ერთიანობის და სხვა ღირებულებების ღალატი? ანუ მანახეთ სად წერია, რომ ფაშისტებისა და ანტიფაშისტების ერთიანი აქცია არის დემოკრატია და არა ის აქცია, სადაც ეს ორი ჯგუფი პოლიციის კორდონით არის ერთმანეთისაგან გამიჯნული. შეგახსენებთ, რომ ს მომხრე პარტიებს ნათქვამი აქვთ, რომ რუსთაველის აქციებს თავი აქვთ ამოწურული და შესაბამისად სრულიად ბუტაფორიული რამაა. გთხოვთ ამიხსნათ, ასეთი რამის მთქმელის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა, რატომ არის არადემოკრატიული მოვლენა.
მოკლედ, ძალადობა არ მოსულა, არ უნდა მომხდარიყო გუშინ ის რაც მოხდა. ყველაფერი დანარჩენი კი ბუნებრივი მგონია.
პ.ს. არ ყოფილა ფიზიკური დაპირისპირებაო. მაშინ არც არაფერია საწუწუნო.