ლევან თაქთაქიშვილი: დიახ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რომ არა, ეს წიგნი არ აღმოჩნდებოდა…

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი:

წიგნს რომ თავისი ბედი აქვს, ამ ახლა თავიდან გაზიარებული პოსტის წერისას დავაფიქსირე, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ამ წიგნის მპოვნელსაც ბედი დღეს ასეთ უბედურებას გადაყრიდა. გუშინ ინტერნეტის სქროლვისას წავიკითხე, რომ ის დააპატიმრეს . დიახ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რომ არა, ეს წიგნი არ აღმოჩნდებოდა. ჩვენ, წიგნის მოყვარულნი, ჩვენი მხრივ ვუთანაგრძნობთ მას და ვუსურვებთ გამძლეობას. მინდა საჯაროდ ვუთხრა მადლობა მას ამ ღირსეული გადაწყვეტილების გამო, რაც მე და ჩემს მეგობარს ლუარსაბ ტოგონიძეს დაგვპირდა და შეასრულა კიდეც-სრულიად უსასყიდლოდ ათეული წლების წინ, მაშინ , როცა არავითარ სახელმწიფო თანამდებობაზე არ იყო დანიშნული, არცთუ მცირე თანხა დახარჯა და ქვეყანას უძვირფასესი გამოცემის დაკარგული ტომი გაუცოცხლა. არავის არ უნდა დაეკარგოს სამშობლოს წინაშე ჩადენილი სიკეთეები.

აქვე გთავაზობთ ლევან თქათქიშვილის სტატუსს:

“Habent sua fata libelli.”
ეს არის ცნობილი ლათინური გამოთქმა, რომელიც ეკუთვნის რომაელ გრამატიკოსს ტერენტიანუს მაურუსს (III–IV სს.). პირდაპირი თარგმანი:
👉 „წიგნებს თავისი ბედისწერა აქვთ.“
1955 წელს სიმონ ყაუხჩიშვილის ხელმძღვანელობით გამოდის “ქართლის ცხოვრების” 4 ტომეულის პირველი ტომი.
არავინ იცის, საიდან დაიწყო ამ გამოცემის დაბეჭდვის ისტორია! არც მეტი და არც ნაკლები: იოსებ ბესარიონის ძე სტალინისაგან. ქართველი ისტორიკოსები რომ დაპატიჟა თავისთან სტალინმა, პირდაპირ მიუთითა ქართველი ერის ისტორიის სახელმძღვანელოს შედგენის აუცილებლობაზე და ასევე წყაროების გამოცემაზე. სიმონ ყაუხჩიშვილმა ერთდროულად დაიწყო ორი გამოცემის მომზადება. ერთი “ქართლის ცხოვრების” მრავალტომეული და მეორე კი ივანე ჯავახიშვილის “ქართველი ერის ისტორიის” ბოლო ტომისა, რომელიც შეიცავს საქართველოს და ს ურთიერთობას მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს. იქ ყაუხჩიშვილმა პირდაპირ , ტექსტის დაუჩეხავად დაბეჭდა ივანე ჯავახიშვილის ხელნაწერიდან, რომ აღა მაჰმად ხანის შემოსევისას რუსებმა განზრახ გაწირეს ქართველები შემდგომ მათი დაუფლების მიზნით. ეს გამოცემა სტალინის სიკვდილის შემდეგ ისტორიის ინსტიტუტის ეზოში დაწვეს. ათეული ეგზემპლარი გადარჩა.
ამ ავტოდაფეს შემდეგ დაიბეჭდა “ქართლის ცხოვრების” ტომი, 1959 წელს კი მეორე. სიმონ ყაუხჩიშვილი ჩქარობდა მესამე ტომის დაბეჭდვას, მეორე ტომის წინასიტყვაობაში წერს ამ მესამე ტომის შინაარსის შესახებ. ეს ტომი უნდა გამოსულიყო, მაგრამ… მოხდა ერთი შეხედვით კურიოზული შემთხვევა. 1965 წელს სტამბაში მიტანილი გამოცემის დედანი დაიკარგა. ამ დედნის ნაწილები შემთხვევით იპოვა პროფესორმა გივი ჟორმ და მიუტანა სიმონ ყაუხჩიშვილს.
დანარჩენი ნაწილი კი გაქრა.
სიმონ ყაუხჩიშვილი მიხვდა, რომ ეს შემთხვევითი ამბავი არ იყო, ვიღაცას აღარ სურდა “ქართლის ცხოვრების” გამოცემის მრავალტომეულის დასრულება. ამიტომ მან გამოსცა შემდგომი ტომი და დააწერა არა მესამე, არამედ მეოთხე ტომი. მესამე ტომს კი დაველოდები, გამოჩნდებაო. ის ამას ვერ მოესწრო. ამ ათი წლის წინ გამოცემის დედნის დარჩენილი დაკარგული ნაწილი აღმოჩნდა. მისი გამოცემა დიდ შრომას მოითხოვდა . ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, დღეს ხელნაწერთა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ყველასათვის უძვირფასესი კაცი ზაზა აბაშიძე, მან ეროვნული სამეცნიერო აკადემიისა და სიმონ ყაუხჩიშვილის შთამომავლის გია გელაშვილის, ხელნაწერთა ინსტიტუტის და , პირველ რიგში, ამ დედნის აღმომჩენის ჯუანშერ ბურჭულაძის ერთ გუნდად გაერთიანების შედეგად ბრწყინვალედ დაასრულა სიმონ ყაუხჩიშვილის დაწყებული საქმე და დღეს ქართველ ერს შეუძლია თქვას, რომ აქვს “ქართლის ცხოვრების” ოთხტომეულის ბრწყინვალე გამოცემა, სადაც ყველა ტომი დაბეჭდილია ერთი შრიფტით და ყდაც ერთი დიზაინისაა. ამ გამოცემის ტომების დაბეჭდვას 70 წელი დასჭირდა. გაგიმარჯოს ბატონო ზაზა, დღეს რომ ამ ისტორიული გამოცემის ის სასიგნალო ეგზემპლარი, რომელიც თქვენ გამოგიგზავნეს, მე მაჩუქეთ.
გაგიმარჯოს ქართველო ერო, გიხაროდენ!
მინდა პირდაპირ განვაცხადო: ამ გამოცემით ზაზა აბაშიძე შევიდა ქართული წიგნის ისტორიაში. მეც ვთხოვე , საჩუქარს წარწერა გაეკეთებინა და თარიღი მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულისა მიეთითებინა, ჩემი დედის დაბადების დღე, ამიტომ აქვს წარწერა არა 26 აგვისტოთი დათარიღებული, არამედ 28 -ით!