2025 წლის 1-ელი ივლისიდან ლაქ-საღებავების პროდუქციისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა. საუბარია, მთავრობის მიერ გასული წლის 3 აპრილს დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომლის მიხედვითაც, აიკრძალა საღებავის, ლაქისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციის იმპორტი და განთავსება, თუკი მათში აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობა აღემატება ტექნიკური რეგლამენტის განსაზღვრულ დასაშვებ ნორმებს.
აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობას შეამოწმებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. ამასთან, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იქნება, საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეაჩეროს პროდუქტის იმპორტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, რათა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება მოხდეს.
როგორია ლაქების და საღებავების იმპორტის დინამიკა, და რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს აღნიშნული პროდუქცია, bm.ge ამ ინფორმაციას საქსტატის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაზე დაყრდნობით გთავაზობთ.
როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოში 14,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6102 ტონა ლაქების და საღებავების იმპორტი განხორციელდა. მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით თანხაში (8,1 მლნ აშშ დოლარის) პოლიმერების ან ქიმიურად მოდიფიცირებულის საფუძველზე შექმნილი საღებავების და ლაქების იმპორტი განხორციელდა, რამაც მოცულობაში 2527 ტონა შეადგინა, მას მოჰყვება ბუნებრივი პოლიმერების საფუძველზე შექმნილი საღებავები და ლაქები (6,1 მლნ აშშ დოლარი – 3379 ტონა). დანარჩენი ლაქების და საღებავების იმპორტის მოცულობამ 494 200 აშშ დოლარი და 196 ტონა შეადგინა.
ეს მონაცემები გასულ წელთან შედარებით მცირედით არის გაზრდილი. კერძოდ, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 15,8 მლნ აშშ დოლარის 6 430 ტონა საღებავები და ლაქები შემოვიტანეთ.
რაც შეეხება ქვეყნებს, მიმდინარე წელს ლაქებისა და საღებავების იმპორტის უდიდესი წილი თურქეთზე მოდის. TOP-5 საიმპორტო ბაზარი კი შემდეგია:
