29 ნოემბერს გამოქვეყნებული ახალი ეკონომიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ლატვიის ეკონომიკა კვლავ მყიფე მდგომარეობაშია.
ლატვიის ცენტრალური სტატისტიკური ბიუროს (CSB) მონაცემების თანახმად, 2024 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)1,6%-ით შემცირდა (სეზონური და კალენდარულად კორექტირების გარეშე მონაცემების მიხედვით, მუდმივ ფასებში).
ასევე, წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით, მშპ 0,2%-ით შემცირდა (სეზონური და კალენდარულად კორექტირებული მონაცემების მიხედვით, მუდმივ ფასებში).
2024 წლის პირველ 9 თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ მუდმივ ფასებში (სეზონური და კალენდარული კორექტირების გარეშე) 0,5%-ით შემცირდა.
2024 წლის მესამე კვარტალში მშპ-მ, მიმდინარე ფასებში, 10,1 მილიარდი ევრო შეადგინა, ცხრა თვეში კი – 29 მილიარდი ევრო.
საცალო ვაჭრობის სექტორის მონაცემებმა, რომელიც ასევე 29 ნოემბერს გამოქვეყნდა, კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა ეკონომიკის მთლიანი სურათი, რომელიც შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის.
კალენდარული მონაცემები (მუდმივ ფასებში) აჩვენებს, რომ 2024 წლის ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, საცალო ვაჭრობის მთლიანი ბრუნვა 0,1%-ით შემცირდა.
თუმცა, ოპტიმიზმის მცირე საფუძველი მაინც არსებობს: 2024 წლის ოქტომბერში, სეზონურად მორგებული მუდმივი ფასების მონაცემების მიხედვით, საცალო ვაჭრობის მთლიანი ბრუნვა, სექტემბერთან შედარებით 0,5%-ით გაიზარდა.
წინა თვესთან შედარებით, ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის საცალო ვაჭრობაში (10.2%), ფოსტის ან ინტერნეტის საშუალებით საცალო ვაჭრობაში (3.9%) და კულტურისა და დასვენების პროდუქტებით საცალო ვაჭრობაში (3.7%) – ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ადამიანები ზამთრის ტანსაცმელს იმარაგებენ და მცირე ან ადრეულ საშობაო შესყიდვებს აკეთებენ.
29 ნოემბერს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა, ბიზნეს-განწყობის თვალსაზრისით, აჩვენა, რომ 2024 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ბიზნეს-პირობები გაუმჯობესდა გადამამუშავებელ მრეწველობაში, მაგრამ გაუარესდა საცალო ვაჭრობაში, მშენებლობასა და მომსახურების სექტორში.
„ბოლო სამი თვის განმავლობაში იმედისმომცემი ზრდის შემდეგ, ნოემბერში საცალო ბიზნესის პირობები გაუარესდა, თუმცა ის, მთლიანობაში, კვლავ პოზიტიური რჩება. ეკონომიკური გაურკვევლობა საცალო ვაჭრობაში, სხვა სექტორებთან შედარებით, ამ თვეში უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა, რაც უახლოეს მომავალში სიტუაციის შესაძლო გაუმჯობესებაზე ნამდვილად არ მეტყველებს“, – აცხადებს ლატვიის ცენტრალური სტატისტიკური სამსახურის ვაჭრობისა და მომსახურების სტატისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, ევა ვანაგა.