ლამაზი გოლები და წითლებიც

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 22-ე ტური დასრულდა. დღეს ორი მატჩი გაიმართა: გაგრამ სამგურალს მოუგო, ხოლო გარეჯისა და კოლხეთი 1913-ის დაპირისპირებაში ფრე დაფიქსირდა…
გაგრა 2:0 სამგურალი
გაგრამ ზედიზედ მეორედ მოიგო და საშიშ ზონას უფრო დაშორდა. არადა, გაგრამ ტაიმზე მეტხანს ათი კაცით ითამაშა… გია ნადარეიშვილმა წუთნახევრიან ინტერვალში ორჯერ მიიღო გაფრთხილება და გააძევეს.
ამ დროს გაგრა უკვე იგებდა: 28-ე წუთზე რატი არდაზიშვილმა ითამაშა კარგად, შევარდა საჯარიმოში, არეულობას კი ბოლოს მოჰყვა განელი რიჩმონდ ადეიეიეს ახლოდან დარტყმა და გოლი. განელი 18 წლისაა, ეს მისი პირველი გოლია საქართველოში.
მეორე გოლი კი გაგრამ კონტრშეტევაზე გაიტანა. ეს უკვე მეორე ტაიმში: არდაზიშვილის გარღვევა, პასი და დავით მუჯირის ზუსტი დარტყმა. მუჯირმა ყოფილ გუნდს გაუტანა – 2:0.
გარეჯი 2:2 კოლხეთი 1913
ოთხგოლიანი ფრე. საგარეჯოს გარეჯი ორჯერ უგებდა ს კოლხეთი 1913-ს, მაგრამ საბოლოოდ 2:2.
საგარეჯოელები სწრაფი და ლამაზი გოლით დაწინაურდნენ, კერძოდ, ლევან პაპავამ ცაციით ტექნიკურად დაარტყა და მეკარე ალექსანდრე დადეშქელიანს თავზე გადაუგდო ბურთი. პაპავა მართლაც დიდი ძალაა გარეჯისთვის…
ტაიმის ბოლოს ფოთელთა უკრაინელი შემტევი ევგენ ლეშჩინსკი გააძევეს: მათე ქომეთიანს ეუხეშა და არბიტრმა ალეკო აფციაურმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.
დაიწყო მეორე ნახევარი და სტუმრებმა მაინც გაათანაბრეს: აკაკი გიუნაშვილმა შორეული დარტყმით მიითვალა მშვენიერი გოლი.
73-ე წუთზე გარეჯი ისევ წინ გავიდა: ნიკოლოზ გალახვარიძის ჩაწოდებას მოჰყვა ნიკა კაჭარავას თავური და გოლი. თუმცა მალევე, ფოთელებმა დიტო ფაჩულიას პენალტით გაათანაბრეს – 2:2. თერთმეტმეტრიანი კი გიორგი ხარებავას წაქცევისთვის დაინიშნა.
საგარეჯოელები მერვე ადგილზე არიან, ფოთელები – ბოლოზე. მათ შორის სხვაობა 5 ქულაა.
erovnuliliga.ge
ფრე წყალტუბოში: “გარეჯის” თავურები