კონსტანტინე გამსახურდია: ჰიმნი, რომელსაც წინასწარმეტყველური და მოციქულებრივი დიდებულების ელფერი დაჰკრავს

იოანე ზოსიმე, ქებაჲ დაა დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ. (ექვსი წლის წინანდელია, სოცქსელის მეხსიერებამ ამოაგდო)
მართლაც იდუმალებით სავსე ტექსტი. ამოვარდნილი ეპოქალური კონტექსტიდან. რაღაც სხვა კატეგორიების სივრცეში გადასული, ვიდრე “ჩვეულებრივი” სირიულ-ბიზანტიურ მეტროპოლიებში ნაქადაგარი ქრისტიანობის ნარატივები, გინდ არამეულ, გინდ ბერძნულენოვანი.
მასში ამოიცნობა ქრისტიანული-აპოკალიპტური კაბალისტიკაც – თუკი საერთოდ შეიძლებოდა ასეთი რამის დაშვება ევანგელისტურ, ერესოლოგიის გაგებით “არაგნოსტიურ” ტექტებში, ხოლო პავლიანურ-არეოპაგიტული ტიპოლოგიის გაგებით სწორედაც არაერეტიკული “გნოზისის” გამომხატველში.
ჰიმნი, რომელსაც წინასწარმეტყველური და მოციქულებრივი დიდებულების ელფერი დაჰკრავს და იმავდროულად სრულიად დაშიფრული, შემეცნებითი უღრანია. მასში საოცრად ლაპიდარულად გადმოცემული ქრისტიანული ღვთისმეტყველური დისკურსი ბიბლიური სამყაროს, მისთვის დამახასიათებელი ტექსტების სურნელითაა გაჯერებული. და დღემდე ენიგმად რჩება, როგორ მოუვიდა უბრალო ბერს იდეა X საუკუნის მიწურულს სინაის მონასტერში დაეწერა ასეთი რამ ისტორიაში კონსერვირებულ ეთნოლინგვისტურ ერთობაზე, როგორიცაა ქართული “ენა”- ანუ მის აღქმაში ეს კულტუროსანი ზეეროვნებაა, თუკი ტერმინს მივუსადაგებთ; რომელიც პარუზიას, ანუ თეოლოგიური ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, ქრისტეს მეორედმოსვლას მოელის. და როგორ “განიკითხოს”, ანდა რას ნიშნავს “განიკითხოს?”ეს თუკი მხოლოდ „ლინგვაა“, ქართული სასამართლო პროცესის წარმოების ენა იქნება? ასეთი გაგება ხომ სრული ბანალურობა და პრიმიტივიზმია. მე მგონი ეს არც “რჩეული ერია” ბიბლიური ტექსტებისა, არც ინდოეთის უმაღლესი კასტა, არც პლატონის სახელმწიფოსეული მითების მთხრობელთა და ფილოსოფოსთა სამოც წელს აცდენილი კატეგორია, რაღა თქმა უნდა არც გერმანელი ნაცისტების “უმაღლესი გაბატონებული რასსაა”. ეს ცხადია, არ არის არც მარტინ ჰაიდეგერის Das Mann, ანუ ინდივიდუალურობას მოკლებული ადამიანთა სიმრავლე, ალგებრული იზომორფიზმის მსგავსი. თუკი ეს “ენა” იგივე იოანე-ლაზარეა, მაშინ ის იოანეს სულიერ ძმათა ერთობაა. დიახ, ერთობაა, რომელიც დაკნინდა, მაგრამ ბოლომდე არ მოკვდა, რადგან მოლოდინის ცნობიერება ასაზრდოებდა. მისი ფიზიკური სამყოფელი, იწროობის გამო მისი სამარეა, დააკვირდით რამდენი კლდეა, რამდენი ხეობაა, რამდენი უდაბნოა. მის მიდამოთა და ლანდშაფტთა არამიწიერი სილამაზე, ასევე ამ კლდეებზე გვირგვინებივით ან მუზარადებივით დადგმული საყდრები აღდგომის წინასწარუწყებას ამხელს თითქოს და მისი ყველაზე მეტად მჭვრეტელი სულები გულით და გონებით ხვდებოდნენ ამ საიდუმლოს. ამ სამარიდან ქრისტემ, დიდმა სამყაროულმა იეროფანტმა უნდა აღადგინოს, რითიც თავის ბუნებრივ ადგილზე დაბრუნდება. ეს არის და ეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე – ერთ-ერთი ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს