კობახიძე დასავლელი ლიდერების განცხადებაზე: ევროპაში დიფ სთეითი მძლავრობს

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის მეთაურების ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც დასავლელი ლიდერები ქართული ოცნების ანტიევროპულ რიტორიკასა და ანტიდემოკრატიულ ქმედებებს გმობენ, ხოლო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
კობახიძე ირწმუნება, რომ ევროპაში “დიფ სთეითი მძლავრობს”, ხოლო 26 მაისს მსგავსი გზავნილების გავრცელება მიღებული არ არის.
“სამმხრივ განცხადებას რაც შეეხება, პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს „დიფ სთეითი“. პირდაპირ ჩანს ეს ყველაფრიდან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეტიკეტის ამბავია, რომ 26 მაისს ასეთი ტიპის განცხადება არ გაავრცელო. 26 მაისი არის საზეიმო დღე და ამ დღეს მიღებულია საზეიმო წერილების გამოგზავნა. პროტოკოლს და ეტიკეტსაც კი არ იცავენ. აქედან ჩანს, რომ ისინი ვერ მოქმედებენ რეალურად ობიექტური ინტერესების შესაბამისად, თუნდაც საკუთარი ობიექტური ინტერესების შესაბამისად და მათ უწევთ ისეთი ხაზით მუშაობა, რაც არ შეესაბამება მათ ინტერესებს. ეს არის ძალიან დასანანი და სამწუხარო”, – თქვა მან.
კობახიძე ასევე ამტკიცებს, რომ ალბანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტზე შემდგარი საუბარი მაკრონთან წინააღმდეგობაშია აღნიშნულ განცხადებასთან.
მაკრონმა რაც მითხრა ალბანეთში, თავისი არსით არის წინააღმდეგობაში იმ განცხადებასთან, რომელიც გავრცელდა. აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს. ძალიან სერიოზული გავლენა არის ევროპაში, ევროპის ქვეყნებზე და შესაბამისად, ეს ყველაფერი იწვევს იმ აღრევას, რომელსაც ყველა ვხედავთ”, – განაცხადა კობახიძემ.