კობახიძე: დავასრულეთ ვიზიტი ჩინეთში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინეთში ვიზიტი დღეს, 19 იანვარს დასრულდა. მისი თქმით, ჩინეთში მმართველი პარტიის დელეგაციის შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა.
შარშან, როგორც იცით, ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რაც ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა აბსოლუტურად ყველა სფეროში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული პოტენციალი გვაქვს ეკონომიკის სფეროში, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ეს პოტენციალი”. – თქვა, მ.
ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმაც, მისი თქმით, ჩინეთის მხარე მზად არის არა მხოლოდ რაოდენობრივად გაზარდოს საქართველოდან იმპორტირებული პროდუქცია, არამედ გააფართოოს იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომლის იმპორტირებაც ხდება ჩინეთში საქართველოდან.
“დიდი ყურადღებით უყურებენ იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ეკონომიკაში. მათთვისაც, რა თქმა უნდა, ძალიან გასაკვირია და რა თქმა უნდა, ისინი პოზიტიურად აღიქვამენ იმ ეკონომიკური ზრდის სიჩქარეს და ტემპს, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ორ სახელმწიფოს შორის იქნება ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს საქართველოს მოსახლეობას”. – თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.
15 იანვარს ირაკლი კობახიძის მეთაურობით ქართული ოცნების დელეგაციამ ჩინეთში ვიზიტი დაიწყო. კობახიძის თქმით, “ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის”.
27 ივლისს პრემიერი სტრატეგიული პარტნიორობის დასამყარებლად ჩინეთში ჩავიდა.
27 ოქტომბერს ტაბულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში გამართული ფორუმის ბანკეტს ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო და მის სიტყვით გამოსვლასაც მოუსმინა.